ახალი ამბები

მთავრობის წარმომადგენლები პანკისის ხეობაში მოსახლეობას შეხვდნენ

მთავრობის წარმომადგენლები ხეობის როგორც უხუცეს, ისე ახალგაზრდა წარმომადგენლებს შეხვდნენ და დიალოგის რეჟიმში ესაუბრნენ. მანამდე კი დაათვალიერეს ომალოს სკოლა, დაზიანებული კლუბის შენობა და ბიბლიოთეკა. ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას აღნიშნულ პრობლემებზე დროულად რეაგირებას დაპირდნენ.

პანკისის ხეობის სოფლების მცხოვრებლებმა სტუმრებს სოციალური პრობლემების მოგვარებასა და ახალგაზრდების დასაქმებაში მხარდაჭერა სთხოვეს. ადგილობრივების მთავარი მოთხოვნები სოფლებში სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა, წყალმომარაგებისა და ელექტროსისტემის გამართვაა. რეგიონში ასევე პრობლემურ საკითხებად საბავშვო ბაღების, სკოლებისა და გზების მოწესრიგების საკითხები სახელდება. შეხვედრებზე სოციალური პრობლემების კონტექსტში რელიგიურ საკითხებზეც ისაუბრეს.

დუისში შეხვედრას მიმდებარე სოფლის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. წინუბნის მცხოვრებლების საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მთავრობის წევრებმა დეტალურად მოისმინეს. თავდაცვის მინისტრმა წინუბნებელებს მოუწოდა, საკუთარი იდეები პროექტებად აქციონ და მიაწოდონ რათა მათზე რეაგირება დროულად დაიწყოს. თინათინ ხიდაშელის განცხადებით, პანკისის ხეობაში რეალური პროექტები სამთავრობო გუნდის ერთობლივი მუშაობით განხორციელდება.

„ხშირად დავდიოდი და ასევე ძალიან ხშირად შემიძლია ჩამოვიდე პანკისში, თუკი გვექნება მათგან კონკრეტული წინადადებები, კონკრეტული ხედვა, რეკომენდაციები – რა არის ის, რაც შეიძლება გაკეთდეს დღეს, ხვალ, უახლოეს მომავალში იმისთვის, რომ შევამციროთ რადიკალიზმი და ახალგაზრდობა დავაბრუნოთ იმ ურთიერთობებსა და ადათ-წესებში, რომელზეც ეს ხეობა მუდმივად იდგა და რომლითაც დღემდე ამაყობს“,- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

პანკისის ხეობას დღესვე კულტურის სამინისტროს პროექტ „ცოცხალი წიგნების“ ფარგლებში თანამედროვე მწერლები და პოეტები ეწვივნენ. მათ ადგილობრივ ახალგაზრდებს საკუთარი შემოქმედება გააცნეს, პატარა მასპინძლებმა კი სტუმრების პატივსაცემად ზეიმი გამართეს.

პანკისში ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის სამინისტრო კახეთის რეგიონული განვითარების ცენტრში ქართულის და ინგლისურის მასწავლებლებს მიავლენს. სამინისტროს ინიციატივით ასევე გამოყოფენ სპეციალისტებს, რომლებიც ადგილობრივ აბიტურიენტებს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ჩარიცხვის მიზნით ეროვნული გამოცდებისთვის მოამზადებენ. თავდაცვის მინისტრი პანკისის ხეობას თებერვლის დასაწყისში კვლავ ესტუმრება.

ხეობაში სტუმრების იდეა თავდაცვის სამინისტროში პანკისელი ახალგაზრდების სტუმრობის დროს დაიბადა, როდესაც ისინი მინისტრს თანატოლებისა და ზოგადად, ხეობის პრობლემებზე ესაუბრებოდნენ. პანკისის ხეობაში საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, მისი მოადგილეები – ბესიკ ლოლაძე და ანა დოლიძე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური და კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მრჩეველი ქეთი დუმბაძე იმყოფებოდნენ.