თელავში ერეკლე მეფის დაბადებიდან 295 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა
ერეკლე მეორის მოედანზე ნახატებისა და ხალხური რეწვის ნამუშევრების გამოფენა, ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი გაიმართა. თელავის მერიის კულტურის სამსახურის უფროსის, ფიქრია ყუშიტაშვილის თქმით, გარდა სხვადასხვა ღონისძიებებისა, ერეკლეს მოედანზე ბავშვებისთვის მოწყობილი იყო ატრაქციონები, ღონისძიებებზე მოსულ სტუმრებს კი საშუალება ჰქონდათ ენახათ როგორ მზადდება სხვადასხვა ტრადიციული კერძები.
,,მეფის დაბადების დღე სხვადასხვა ღონისძიებებით ავღნიშნეთ. დილა დაიწყო ტრადიციულად წირვით, გაიმართა მეფის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი. გარდა ამისა, ერეკლეს მოედანზე მიმდინარეობდა ხალხური რეწვის ნიმუშების და ნახატების გამოფენა, ასევე ბავშვებისთვის მოწყობილი იყო ატრაქციონები, ნიკო სულხანიშვილის სამუსიკო სასწავლებელში გაიმართა ქალთა კამერული გუნდის ,,კახეთის ჰანგების“ კონცერტი, ასევე გივი დათიშვილის ფოტო-გამოფენა და კალენდრის ,,ეს თელავია“ პრეზენტაცია. ,,ერეკლეობის” ფარგლებში ჩატარდა სიმღერისა და ცეკვის ფესტივალი ,,შენ ხარ ვენახის“ გალა-კონცერტი. დასასრულს კი დასკვნითი კონცერტი ჩავატარეთ რომელშიც მონაწილეობდნენ დავით არჩვაზე, ქუჩის მუსიკოსები, ჯგუფი ,,ბანი” და მაკა ზამბახიძე,”– განუცხადა Knews.ge-ს ფიქრია ყუშიტაშვილმა.
თელავის მერის, პლატონ კალმახელიძეს თქმით, ერეკლეობის ჩასატარებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჯამში 29 000 ლარი გამოიყო.
,,ჩვენ ვუფრთხილდებით ისტორიას, ვაგრძელებთ ტრადიციას და ვაშენებთ მომავალს. ერეკლე მეფის დაბადების დღე სწორედ ამის გამოხატულება იყო”,- განუცხადა knews.ge-ს პლატონ კალმახელიძემ.