ახალი ამბები

პრეზიდენტი მმართველ კოალიციას მოუწოდებს, თავი შეიკავოს არადიპლომატიური გამონათქვამებისგან

ის, ასევე, მიმართავს კოალიცია “ქართულ ოცნებას”, ნუ ჩაიკეტება საკუთარ თავში და გაითავისოს პოლიტიკური პროცესის მნიშვნელობა. მისივე შეფასებით, რუსთავი 2″-ის საქმის ირგვლივ ორი კვირის წინ შექმნილი დაძაბული ვითარება საზოგადოების ყველა სეგმენტის აქტიურობით განიმუხტა, თუმცა დღეს საქართველო აღმოჩნდა ისევ რთული გარემოების წინაშე, რაც ქვეყნის დემოკრატიულ იმიჯს და საერთაშორისო რეპუტაციას აზარალებს. 
“ამ შეფასებებში ერთიანია საზოგადოება, არასამთავრობო სექტორი, დიპლომატები, პოლიტიკოსები, სახალხო დამცველი, პოლიტიკური პარტიები, მათ შორის მმართველ კოალიციაში შემავალი სუბიექტების ნაწილიც. მივმართავ მმართველ კოალიციას, თავი შეიკავოს არადიპლომატიური გამონათქვამებისგან და სიტუაციის შეფასებისას ნუ შემოიფარგლება მხოლოდ ფორმალური განცხადებით. მოვუწოდებ მმართველ კოალიციას, ნუ ჩაიკეტება საკუთარ თავში და გაითავისოს პოლიტიკური პროცესის მნიშვნელობა. გადადგას ქმედითი ნაბიჯები ქვეყნის დემოკრატიული იმიჯის დასაცავად; აწარმოოს დიალოგი საზოგადოებასთან და დიპლომატიურ კორპუსთან, რომელიც ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულობის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის აქტიური მხარდამჭერია”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 
არასამთავრობო სექტორი მოსამართლე თამაზ ურთმელიძის განჩინებას, რომელუც 5 ნოემბერს, გვიან ღამით გამოქვეყნდა, მიიჩნევს, რომ დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის შეფასებით, განჩინების ერთადერთი მიზანი იყო რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა. ფონდი”ღია საზოგადოება-საქართველო” ეხმაურება “რუსთავი 2”-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებს. ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ სასამართლოს განჩინება ეწინააღმდეგება კონსტიტუციით დადგენილ მართლწესრიგს და ქმნის პროცესების გამწვავების საფრთხეს. სპეციალური განცხადება გაავრცელა სახალხო დამცველმაც, რომლის შეფასებით, სასამართლოს მიერ 5 ნოემბერს მიღებული განჩინება დაუსაბუთებელია და არღვევს ტელეკომპანია „რუსთავის 2-ის“ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას.

ევროკავშირის წარმომადგენლობა, საქართველოში ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა საელჩოების ხელმძღვანელებთან და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად კი შეშფოთებას გამოხატავს რუსთავი 2-ში ახალი მმართველების დანიშვნის გამო და მოუწოდა ყველა პოლიტიკურ პირს, თავი შეიკავონ ნებისმიერი ნაბიჯისა, თუ განცხადებისაგან, რომელმაც შესაძლოა, ხელი შეუშალოს ქართულ მართლმსაჯულებას, აღნიშნული საქმე მიუკერძოებლად განსაჯოს.