მთავრობა ყურძენზე სუბსიდიას წელსაც გასცემს
დანელიას თქმით, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, ღვინის მწარმოებელი კომპანიებისათვის სესხები კვლავ გაიცემა. მინისტრის განმარტებით, ფასს არეგულირებს ბაზარი, სახელმწიფო არ განსაზღვრავს ყურძნის ღირებულებას და არ ერევა ფასების რეგულაციებში.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი სამანიშვილმა ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების მწარმოებელი კომპანიების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართეს. შეხვედრას ესწრებოდნენ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი და ღვინის ინდუსტრიაში დასაქმებული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. შეხვედრაზე 2015 წლის რთველის ორგანიზებულად ჩატარების ხელშემწყობი ღონისძიებები განიხილეს და დარგში არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს. ოთარ დანელიამ აღნიშნა, რომ რთველის პროცესის ორგანიზებულად წარმართვისთვის საქართველოს მთავრობა მაქსიმუმს გააკეთებს და დაიცავს როგორც მეწარმეების ისე მევენახეების ინტერესებს. ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, გიორგი სამანიშვილის განცხადებით, მიუხედავად რუსეთისა და უკრაინას ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტის შემცირებისა, სწორი მარკეტინგული პოლიტიკის შედეგად, მთელ რიგ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ბაზრებზე ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა აღინიშნება. მისივე თქმით, რთველი 2015-ის ორგანიზებულად წარმართვის მიზნით შეიქმნება საკოორდინაციო შტაბი, რომელიც თელავში განთავსდება.