უნივერსიტეტებში, მობილობაზე, 13 797 ვაკანტური ადგილია გამოცხადებული
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს წელიწადში ორჯერ ეძლევათ შესაძლებლობა, ისარგებლონ მობილობით და გადავიდნენ სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. სხვა უმაღლეს სასწავლებელში გადასვლის მიზნით სტუდენტი ონლაინ რეჟიმში უნდა დარეგისტრირდეს ელექტრონულ პორტალზე www.students.eqe.ge. ელექტრონულ პორტალზე სტუდენტთა განაცხადების რეგისტრაცია დაიწყება 3 აგვისტოს 11:00 საათზე და გაგრძელდება 20 აგვისტოს 18:00 საათამდე. ამ ვადის განმავლობაში სტუდენტს შეუძლია პრორიტეტების მიხედვით ხუთი საგანმანათლებლო პროგრამა აირჩიოს. მობილობის კონკურსში გამარჯვება დამოკიდებულია სტუდენტის მიერ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დაგროვებულ სკალირებულ ქულაზე. მობილობის საფასური 40 ლარია. სოციალურად დაუცველი ოჯახების წარმომადგენელი სტუდენტები გადასახადისაგან თავისუფლდებიან.
მობილობის საფასურის გადახდა შესაძლებელია „საქართველოსბანკის“ ნებისმიერ ფილიალში ან სწრაფი გადახდის აპარატებისა და ინტერნეტის მეშვეობით. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ მობილობაში მონაწილე პირები რეგისტრაციის დაწყებიდან შედეგების გამოქვეყნების დღის ჩათვლით ტაპობრივად მიიღებენ მოკლეტექსტურ შეტყობინებებს მობულურ ტელეფონებზე და ელ.ფოსტაზე. მობილობის პროცესის განმავლობაში იმუშავებს მობილობის ცხელი ხაზი (+99532) 2 200 220 (შიდა 3522 და 3523) და ცენტრის ოპერატორები სტუდენტებს დახმარებას გაუწევენ. სტუდენტებს, ასევე, ექნებათ შესაძლებლობა კითხვები გააგზავნონ ელ.ფოსტაზე: mobility@eqe.ge. სპეციფიკიდან გამომდინარე, მობილობაში არ მონაწილეობს საპატრიარქოს მიერ დაფუძნებული ექვსი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება.
მობილობის შედეგები გამოქვეყნდება 24 აგვისტოს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე. შედეგების გამოცხადებისთანავე სტუდენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მიმღებ საგანმანათლებლო დაწესებულებას.
ცენტრი მობილობით დაინტერესებულ პირებისათვის ღია კარის დღეებს გამართავს 4 და 18 აგვისტოს 11:00 საათზე.