ტ/კ “გურჯაანი” – BBC-ს ჩვენი მასალით დაინტერესება დიდი წარმატებაა
BBC წერს, რომ გურჯაანში დეპუტატი ზურაბ სეფიაშვილი თანაქალაქელებს უსასყიდლო ტაქსით მომსახურებით სერვისს კვირას 4 საათის განმავლობაში შესთავაზებს. ტელეკომპანია „გურჯაანის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ, ლეიბორისტ დეპუტატს სურს, თავისი საქმიანობით პოლიტიკურ მოღვაწეებს და ამავე დროს საზოგადოებას დაანახოს, რომ პოლიტიკოსები ყოველთვის ხალხის სამსახურში უნდა იდგნენ.
ტელეკომპანია ,,გურჯაანის’’ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის, ნინო სამნიაშვილის თქმით, დეპუტატ ზურაბ სეფიაშვილს შეხვდა საკრებულოს ერთ-ერთ სხდომაზე, საიდანაც აღნიშნული ინფორმაცია შეიტყო.
სიუჟეტის ავტორი ამბობს, რომ დეპუტატმა პირველი სამუშაო დღე 8 მარტს დაამთხვია და მოქალაქეებს საკუთარი მანქანით უფასოდ მოემსახურა:
,,პირველად ზურაბ სეფიაშვილი ვნახე გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ერთ-ერთ სესიაზე, რომლისგანაც სულ სხვა თემაზე ინტერვიუ ავიღე და ამ დროს მითხრა, რომ გეგმავდა, უფასო ტაქსი გურჯაანში გადმოეტანა, თავად გაეკეთებინა და უფასოდ მომსახურებოდა მოსახლეობას. მე, როგორც საინფორმაციოს ერთ-ერთ პროდიუსერს, ამ თემამ დამაინტერესა და ჩავთვალე, რომ სიუჟეტი მოსახლეობას საჭირო ინფორმაციას მიაწოდებდა. ასე მოვაზადე ეს მასალა. სხვათაშორის, 8 მარტს, პირველი სამუშაო დღე ჰქონდა და თავად ვარ მომსწრე, გაჩერებაზე მდგარი რამდენიმე მოქალაქე სხვადასხვა სოფელში უფასოდ წაიყვანა. ცოლ-ქმარი ყვარელშიც კი გადაიყვანა. აღნიშნულ თემაზე სატელევიზიო სიუჟეტი მე და ჩემმა ოპერატორმა, ვანო შიოშვილმა მოვამზადეთ, ‘’– განუცხადა Knews.ge-ს ნინო სამნიაშვილმა.
ტ/კ გურჯაანის საინფორმაციო სამსახურის უფროსისათვის BBC-ს მიერ ქველმოქმედ დეპუტატზე სიუჟეტით დაინტერესების ფაქტი მოულოდნელი იყო. ნინო სამნიაშვილის შეფასებით, ტელეკომპანიისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბრიტანეთის სამაუწყებლო კომპანია, რომელიც მაღალი სტანდარტებით აშუქებს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს, ადგილობრივი ტელევიზიის მიერ მომზადებული სიუჟეტით დაინტერესდა:
,,არაფერი ვიცი, BBC-მ როგორ გაიგო ამ ვიდეოს არსებობის შესახებ ეს ჩემთვისაც მოულოდნელი იყო. ვერც კი წარმოვიდგნედი და უზომოდ გამიხარდა ეს ფაქტი. ზოგადად, BBC ძალიან მაღალი სტანდარტებით მუშაობს და მასალა რომ არ ყოფილიყო სრულყოფილი და ღირებული, ალბათ არც დაინტერესდებოდნენ. ჩვენთვის, როგორც რეგიონული ტელევიზიისთვის, ეს დიდი წარმატებაა. როცა დრო მაქვს ხშირად ვუყურებ BBC- ს ნიუსებს და ვცდილობთ, მათი სტანდარტები გავითვალისწინოთ, რომ ჩვენი სიუჟეტებიც საინტერესო და ხარისხიანი იყოს. გარდა ამისა, ვცდილობთ, კარგად ვიმუშავოთ. ეს ოპერატორების დიდი დამსახურებაც არის,’’– განაცხადა ნინო სამნიაშვილმა.
ზურაბ სეფიაშვილი გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2014 წლის მოწვევის საკრებულოს დეპუტატია. მან დეპუტატის ხელფასზეც უარი თქვა და საკრებულოდან მიღებულ ყოველთვიურ შემოსავალს ყველაზე გაჭირვებულ ოჯახს ურიცხავს:
“იცით ალბათ, რომ ყველა ადამიანზე, ვინც პოლიტიკაში მოდის, ამბობენ, რომ ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად მოდის და ფულის საკეთებლად. მე ჩემს ამომრჩეველს შევპირდი, რომ პოლიტიკაში ნაშოვნ 1 თეთრსაც კი არ შევიტანდი ოჯახში და უანგაროდ ვემსახურებოდი სოფელს, თუ ამირჩევდნენ. ახლა კი პირობის შესრულების დრო მოვიდა”, – ამბობს ზურაბ სეფიაშვილი.