ახალი ამბები

თელავში კახეთის რეგიონული არქივის შენობა გაიხსნა

 იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, ძველი საბჭოთა შენობა რეაბილიტაციის შემდგომ გადაიქცა თანამედროვე ტიპის საცავად, რომელიც უახლესი სტანდარტებით არის აღჭურვილი:
,,2015 წელი არის უპრეცენდენტოა ინფრასტრუქტურული განვითარების კუთხით და ჩვენ დავიწყეთ კახეთის რეგიონის არქივის შენობის გახსნით. ეს არის თანამედროვე ტიპის საცავი, სადაც ჩვენი რეგიონები შეინახავენ ისტორიულ მესიერებას. შენობაში ფუნქციონირებს მკვლევართა და საგამოფენო დარბაზები“. 
შენობის პირველ სართულზე გამოიყო რამდენიმე საექსპოზიციო სივრცე: საგამოფენო დარბაზი – სადაც მომავალში სხვადასხვა თემატიკის გამოფენები მოეწყობა. შენობის გახსნისთვის დარბაზში გამოიფინა ეროვნულ არქივში დაცული ფოტომასალა ღვინისა და ვაზის თემაზე. ფოიეში – განთავსდება მუდმივმოქმედი ექსპოზიცია, სადაც წარმოდგენილი იქნება უძველესი ხელნაწერები და საბუთები, რომელთაც ისტორიული კავშირი აქვს კახეთის რეგიონთან. 
დერეფანში – განთავსდება მუდმივმოქმედი ექსპოზიცია, სადაც წარმოდგენილი იქნება კახეთის რეგიონის ხედები და სხვადასხვა ხუროთმოძღვრული ძეგლი, როგორც არქივში დაცული ძველი ფოტოები, ისე პროექტის „ეროვნული არქივის ექსპედიციები“ ფარგლებში გადაღებული თანამედროვე მასალა. უწყებაში რვავე მუნიციპალიტეტის საარქივო დოკუმენტაცია განთავსდება.