კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო რეგიონებში გასვლით სამუშაო შეხვედრებს იწყებს
კულტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ სამინისტრო აგრძელებს აქტიურ მუშაობას კულტურის პოლიტიკის სტრატეგიის დოკუმენტზე, რომელიც წარმოადგენს ამ სფეროს განვითარების გრძელვადიან ხედვას.
“შედეგად, მიღებული იქნება ორი დოკუმენტი – კულტურის გრძელვადიანი სტრატეგია (2025 წლამდე) და სტრატეგიის განხორციელების მოკლევადიანი სამოქმედო გეგმა(2016-2017). ამ თემას მიეძღვნა 30 იანვარს გამართული კონფერენცია, რომელმაც დასაბამი დაუდო კულტურის პოლიტიკის სტრატეგიის შემუშავების პროცესს. ღონისძიებაზე წარმოადგინეს სტრატეგიის შემუშავების გზამკვლევი, რომელიც ქვეყნის მასშტაბით კულტურის სტრატეგიის შემუშავების პროცესის განმსაზღვრელი სამუშაო დოკუმენტია. სტრატეგიის შემუშავების პროცესი ღია და გამჭვირვალეა, კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან და საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად მასში ჩართულნი არიან დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო კვლავ იწვევს კულტურის სფეროში მოღვაწე პროფესიონალებს კულტურის სტრატეგიის საკოორდინაციო ჯგუფში მონაწილეობის მისაღებად, ამასთან, მარტის პირველი კვირიდან, საქართველოს ყველა რეგიონში გეგმავს გასვლით სამუშაო შეხვედრებს კულტურის ეროვნულ სტრატეგიასთან დაკავშირებით, საზოგადოების მაქსიმალური ინფორმირებისა და ჩართულობის მიზნით”, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს განცხადებაში.