საჯარო სკოლებში ახალი საგნის – “მე და საზოგადოება” სწავლება იწყება
საქართველოს საჯარო სკოლებში ახალი საგნის სწავლება იწყება. ახალი საგნის სახელწმოდებაა – “მე და საზოგადოება”. შესაბამისი ცვლილება ეროვნულ სასწავლო გეგმაში უკვე შევიდა, რომელიც გაზაფხულზე დამტკიცდება.
აღნიშნული საგნისთვის, 2015-2016 სასწავლო წელი საპილოტე იქნება. ახალი სასწავლო წლიდან საგნის სწავლება რეგიონების რამდენიმე სკოლაშიც იგეგმება.
2016-2017 სასწავლო წლიდან კი “მე და საზოგადოება” მთელი საქართველოს მასშტაბით, როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებში სავალდებულო გახდება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის, ლია გიგაურის განცხადებით, საგნის ძირითადი მიმართულებებია პიროვნული განვითარება და იდენტობა.
“სამოქალაქო ცნობიერების ხარისხი მაინც დაბალია და ამ საგნის მე-9 კლასიდან სწავლება დაგვიანებულია. ამიტომ, საზოგადოებრივი მეცნიერებების ჯგუფი დაწყებით საფეხურზე ჩამოვიტანეთ. საგნის “მე და საზოგადოება” სწავლება ამ ეტაპზე მესამე და მეოთხე კლასში დაიწყება. პარალელურად, გავაგრძელებთ დამუშავებას და სწავლება მე-5 მე-6 და მე-7 მე-8 კლასშიც გაგრძელდება. თემები ძალიან მრავალფეროვანია. ამ საგნის სწავლება სხვადასხვა მიმართულებით მიდის, ასაკის შესაფერისია და ხელს უწყობს მოსწავლის პიროვნულ განვითარებას”, – აღნიშნა ლია გიგაურმა.
რაც შეეხება საგნისათვის საჭირო საგანმანათლებლო რესურსს, მინისტრის მოადგილის განმარტებით, საგანმანათლებლო რესურსი სახელმძღვანელოს სახით “მე და საზოგადოებაში” ჯერ არ არსებობს. ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შემდეგ, შესაბამისი სახელმძღვანელოს კონკურსი გამოცხადდება. მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე მომზადებულია სტანდარტი და შესაბამისი მასალები.