ლაგოდეხში საჯარო მოხელეთა კონკურსის შედეგები 14-მა კანდიდატმა გააპროტესტა
საპრეტენზიო კომისია მომჩივანთა განცხადებების განხილვას დღეიდან დაიწყებს და ხვალ დაასრულებს.
„საპრეტენზიო კომისიაში 14 განცხადებაა შესული. კომისია დღეს და ხვალ იმუშავებს და შესაბამის დასკვნას დადებს. სავარაუდოდ ზეგ კონკურსანტებს ეცოდინებათ საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება. ისეთი არაფერი არ არის. კონკურსანტები თვლიან, რომ გასაუბრებაზე იმაზე უკეთესი შედეგი აჩვენეს, ვიდრე კომისიამ ისინი შეაფასა“, – განუცახდა knews.ge-ს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი ბოკერიამ.
ლაგოდეხში საჯარო მოხელეთა კონკურსის შედეგები მხოლოდ კონკურსანტებისთვის არის ცნობილი. გიორგი ბეკერია განცხადებით, საბოლოო შედეგები მას შემდეგ გასაჯაროვდება, რაც კომისია საბოლოოდ დაასრულებს მუშაობას.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ და საკრებულომ 77 ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი 10 დეკემბერს გამოაცხადა. დაინტერესებულ პირებს განაცხადის წარდგენა საჯარო სამსახურის ბიუროს ადმინისტრირებულ ვებ გვერდზე www.hr.gov.ge ხუთ სასურველ პოზიციაზე, 14 დეკემბრამდე შეეძლოთ.
ტესტირების ეტაპზე დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 241 კონკურსანტიდან მხოლოდ 119-მა მათგანმა გადალახა. საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ კი კანდიდატები 62 ვაკანტურ თანამდებობაზე შეარჩია.