თელავის მერიაში კონკურსანტებთან გასაუბრების ეტაპი დასრულდა
,,კონკურსის ბოლო ეტაპი მშვიდ და კომფორტულ გარემოში ჩავატარეთ. მინდა ავღნიშნო, რომ ყველა კონკურსანტი იყო ინფორმირებული გასაუბრების ჩატარებასთან დაკავშირებით, თუმცა 27 მათგანი არ გამოცხადდა. რაც შეეხება შედეგებს, ჯერ არ შეგვიჯამებია, საკონკურსო კომისია კიდევ გამართავს სხდომას, სადაც საბოლოო შედეგებს შევაჯამებთ და მოხდება გამარჯვებულების გამოვლენა. შერჩეული კანდიდატები კი დასამტკიცებლად მერიასა და საკრებულოს წარედგინება”,- განუცხადა knews.ge-ს არჩილ თხლაშიძემ.
მერიის საკონკურსო-საატესტაციო მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარის თქმითვე, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გასაუბრების პროცესზე დასწრების შესაძლებლობა ჰქონდათ, თუ ამას კონკურსანტი მოისურვებდა.
,,არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აკვირდებოდნენ გასაუბრების პროცესს.120 კონკურსანტიდან დააახლოებით 100 -ს შესთავაზეს მათ დაკვირვება, საიდანაც თანხმობა განაცხადა 36-მა კანდიდატმა, ხოლო 64-მა კი უარი თქვა”, -განაცხადა knews.ge-სთან საუბრისას არჩილ თხლაშიძემ.
მისივე თქმით, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა საბოლოო შედეგების შეჯამების პროცესზე დაკვირვების მოთხოვნითაც კომისიას უკვე მიმართეს. თხლაშიძის განცხადებით, კომისიის წევრები ამ საკითხის შესახებ იმსჯელებენ და მიიღებენ გადაწყვეტილებას.