თელავის გამგებლის ყოფილი პრესსპიკერი და კახეთის გუბერნატორი ერთმანეთს უპირისპირდებიან
კობიაშვილის განცხადებით, გუბერნატორი თელავის მუნიციპალიტეტის წინა გამგებელისგანაც დაჟინებით მოითხოვდა მის გათავისუფლებას, მაგრამ ალექსანდრე შათირიშვილი მის წინამორბედზე ნაკლებად პრინციპული აღმოჩნდა.
„იმას, რომ მე დღეს უმუშევარი ვარ, ხმამაღლა ვაცხადებ, რომ ეს არის კახეთის გუბერნატორის, ირაკლი შიოლაშვილის პირადი დაპირისპირება ჩემთან. ამას მე დავარქმევდი ახირებას, აკვიატებას და კაპრიზს. კონკრეტული მიზეზი მას არ აქვს. ჩემი სამსახურიდან გამოშვების მიზეზი გახდა ერეკლე მეორის N16-ში მოსული საახალწლო მისალოცი ბარათი კონკრეტული ფიზიკური პირის სახელზე, რომელზე პასუხისმგებლობაც ავიღე მე, რომ ის ადრესატამდე მივიდოდა და მივიდა კიდეც. მე არ ვთვლი, რომ ამით რაიმე შემეშალა. მითუმეტეს არ ვთვლი, რომ დანაშაული ჩავიდინე. ეს რომ სერიოზული მიზეზი ყოფილიყო, მაშინ გათავისუფლების მიზეზად დამიწერდნენ ამას და არა იმას, რომ პროფესიული უნარ-ჩვევები და სათანადო გამოცდილილება არ აღმომაჩნდა და ტესტირებაზე მაღალი ქულათა რაოდენობა ვერ მივიღე. ადრეც იყო ჩემ მიმართ გუბერნატორის ნეგატიური დამოკიდებულება და მცდელობა, რომ წინა გამგებელს გამოვეშვი სამსახურიდან. მიუხედავად იმისა, რომ გივი მეტრეველი დანიშნული გამგებელი იყო და ალექსანდრე შათირიშვილი არჩეულია, უფრო პრინციპული აღმოჩნდა მეტრეველი, რომელმაც მის კაპრიზზე არ გაიარა და არ გამომიშვა სამსახურიდან“, – განაცხადა ვერიკო კობიაშვილმა.
კახეთის გუბერნატორი კი კატეგორიულად უარყოფს ადგილობრივ თვითმმართველობის საკადრო პოლიტიკაში რაიმე სახით ჩარევას და კობიაშვილის ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებს. შიოლაშვილის განმარტებით, ვერიკო კობიაშვილმა კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის მისამართზე მოსული მისალოცი ბარათი მოიპარა და მან თავისი უკმაყოფილება გამგებელთან გამოხატა.
„კომისიამ დამოუკიდებლად იმუშავა. ისე, რომ არ დამივალებია არც მისი მოხსნა, არც მისი ჩაჭრა. საკადრო საკითხში არ ჩავრეულვარ. ძალიანაც რომ მნდომებოდა ჩარევა, სამართლებრივი მექანიზმი გუბერნატორს არ ჰქონია. ჯობს, რომ ეს შეკითხვები მუნიციპალიტეტში დაისვას. უცხოეთის ერთ-ერთი ჩვენი მეგობარი ქვეყნიდან მოვიდა წერილი კახეთის გუბერნატორის აპარატში. ეს იყო მისალოცი ბარათი. როდესაც ფოსტალიონმა მოიტანა ეს წერილი, მას მკაფიოდ ეწერა შენობის მისამართი. პოსტალიონს დახვდა ქალბატონი ვერიკო, რომელმაც უთხრა, რომ ეს წეილი მისთვის გადაეცა. მან წერილი აიღო და არავის, არც თავის ხელმძღვანელს, არც გუბერნატორის ადმინისტრაციის არც ერთ თანამშრომელს არ გააგებინა, რომ მან ეს წერილი აბსოლუტურად დამოუკიდებლად ბრჭყალებში რომ ვთქვათ, დიდი ალბათობით წერილი მოიპარა. როდესაც უცხოეთიდან წერილი მოდის, თუ უცხოელებმა იციან, ვინ არის კონკრეტული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ან თანამშრომელი, მისამართთან ერთად უწერენ სახელსა და გვარს. ამ სახელსა და გავრზე ეწერა გიორგი სიბაშვილი გამომდინარე იქიდან, რომ შესაძლოა ჩვენმა უცხოელმა კოლეგებმა და პარტნიორებმა არ იცოდნენ, რომ გუბერნატორის ადმინისტრაციაში თანამშრომლები შეიცვალნენ. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მოვიდა ძალიან ბევრი წერილი, რომელზეც მისამართი ეწერა ადმინისტრაცია და სახელი და გვარი ირაკლი შიოლაშვილი. ვთვლი, რომ ის წერილი, რომელზეც ეწერა გიორგი სიბაშვილი, ეკუთვნოდა მხარის ადმინისტრციას, ისევე როგორც ის წერილები, რომლებზეც აწერია ირაკლი შიოლაშვილი. როდესაც მომავალში მე აღარ ვიქნები გუბერნატორი, ის წერილები ეკუთვნის არა ირაკლი შიოლაშვილს, არამედ გუბერნატორის ადმინისტრაციას. რა თქმა უნდა უკმაყოფილება ნამდვილად გამოვხატე წერილთან დაკავშირებით და საუბარიც მქონდა გამგებელთან და ნამდვილად მექნება მსგავს ქმედებებთან დაკავშირებით საუბარი. ნებისმიერ გამგებელს ჩემს უკმაყოფილებას დავუფიქსირებ, თუ მსგავსი ფაქტები იქნება რომელიმე მუნიციპალიტეტში“, – აღნიშნა ირაკლი შიოლაშვილმა.
თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ალექსანდრე შათირიშვილიც უარყოფს თვითმმართველობის საქმიანობაზე შიოლაშვილის რაიმე სახით ზეგავლენას და აცხადებს, რომ მას გუბერნატორთან კობიაშვილის გათავისუფლების შესახებ საუბარი არც კი ჰქონია.
„გადაწყვეტილებებს არ ვათანხმებ, მაგრამ საერთო პასუხისმგებლობას ვიღებ იმ გადაწყვეტილებებზე, რაზეც ვიღებ მე. მაკა მოსიაშვილი ცდილობდა, რაღაც ეთქმევინებინა, მაგრამ ვეუბნებოდი, რომ ერთი გუნდი ვართ. რაღაც რომ ვკითხო, ეს როგორ გავაკეთო, ეს ჩარევაა? ესე არ არის, რომ მან რომ რაიმე სახის დირექტივა მომცეს“, – განუცხადა Knews.ge-ს ალექსანდრე შათირიშვილმა.
კახეთის საინფორმაციო ცენტრმა კი ორი დღის წინ გაავრცელა ფარული აუდიო ჩანაწერი, სადაც თვითმმართველი თემის, თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ალექსანდრე შათირიშვილი ამბობს, რომ გადაწყვეტილებას გუბერნატორს უთანხმებს. შათირიშვილი იმასაც ამბობს, რომ ის და გივი მეტრეველი შეწუხებულები არიან ვერიკო კობიაშვილის საკითხის გამო, მაგრამ ვერაფერს შველიან.
„სხვათაშორის ძალიან შეწუხებული, როგორც მე, მაგ საქმეზე, მაგრამ ვერაფერს ვერ ვშველით. მეც და მაგანაც დავიცავით ვერიკო, რომ ასეა, ასეა, მაგრამ გვითხრეს, აბა როგორ, როცა ფაქტი ასეა. ვნახოთ აბა.“, – ეუბნება ალექსანდრე შათირიშვილი ვერიკო კობიაშვილის მეგობარს, მაკა მოსიაშვილს.