ახალი ამბები

საქონლის რეგისტრაცია დაიწყო

იანვრიდან საქონლისა და სადგომების რეგისტრაცია დაიწყო. განკარგულება უკვე ძალაშია შესული. ინიციატივა ევროკავშირის საკანონმდებლო დაახლოების ფარგლებში ხორციელდება და მის თანახმად, 2018 წლამდე ქვეყნის მასშტაბით ყველა საქონლისა და სადგომის რეგისტრაცია უნდა დასრულდეს. 2018 წლის შემდეგ კი ეს პროცესი ფასიანი გახდება. 
მსხვილფეხა საქონლის იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია გულისხმობს: ნიშანდებას, მონაცემთა ელექტრონული ბაზის შექმნას, მსხვილფეხა საქონლის პასპორტიზაციას, თითოეული სადგომის თუ დროებითი სადგომის რეგისტრაციასა და სადგომის წიგნაკის შექმნას.
მსხვილფეხა საქონლის მფლობელი ვალდებულია მიმართოს სურსათის ეროვნულ სააგენტოს მსხვილფეხა საქონლის იდენტიფიკაციისათვის. 
სააგენტოს წარმომადგენლის მიერ საქონლის ორივე ყურზე დამაგრდება ნიშანი, რომელზეც დაიტანება საქონლის ინდივიდუალური საიდენტიფიკაციო ნომერი. 
საქონლის მფლობელი ვალდებულია მიმართოს სააგენტოს საქონლის დაბადებიდან 7 დღის ვადაში; მისი იდენტიფიკაციისა და მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში რეგისტრაციის შემდეგ, გაიცემა მსხვილფეხა საქონლის პასპორტი. 
დაუშვებელია სასაკლაოზე არაიდენტიფიცირებული მსხვილფეხა საქონლის დაკვლა. 
2018 წლის პირველ იანვრამდე ყველა ხარჯს იღებს სახელმწიფო, ხოლო 2018 წლის იანვრიდან ეს ვალდებულება გადადის მსხვილფეხა საქონლის მფლობელზე.
2018 წლის შემდეგ დაურეგისტრირებელი საქონლის მფლობელები უფასო ვაქცინაციისა და სხვა სახელმწიფო სიკეთეების გარეშე რჩებიან. ამასთან, ფიზიკური პირების სადგომები ინსპექტირებას არ დაექვემდებარება. ამ ცვლილებას ფეხდაფეხ მოყვება წვრილფეხა ცხოველების რეგისტრაცია. რომელიც, არსებული ინფორმაციით, მომავალი წლიდან შევა ძალაში.