ახალი ამბები

ეკა ყუშიტაშვილმა ჯარიმის გამოწერის გამო პატრულის თანამშრომელს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ დღეს გაავრცელა ორი ვიდეო, რომელზეც ასახულია, თუ როგორ ახდენს ზეწოლას მოქალაქე ეკა ყუშიტაშვილი პატრულის თანამშრომელზე. ეკა ყუშიტაშვილი პატრულის თანამშრომელს უშვერი სიტყვებით ჯარიმის გამოწერის გამო ლანძღავს.  ერთ ეპიზოდში ჩანს, რომ ყუშიტაშვილი უკავშირდება თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსსა და მის მოადგილეს პრობლემის მოგვარების მიზნით.
როგორც ყუშიტაშვილი liberali.ge – სთან აცხადებს, ის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსს არ იცნობს და პატრულის თანამშრომელს დავით ცინარიძის გვარი მხოლოდ დაშინების მიზნით უხსენა:
„არანაირ დავით ცინარიძეს არ ვურეკავ. ჩემს მეგობარს ვურეკავდი. სამ თვეში 5500 ლარი გადავიხადე ჯარიმა და დავით ცინარიძეს რომ ვიცნობდე, ამდენ ჯარიმას არ გადავიხდიდი. გავეღადავე პატრულს. როცა ჭამენ ამნაირი იდიოტი პატრულები, უნდა აჭამო. დავით ცინარიძეს ასი წელი არ დავურეკავ და შეურაცხყოფას არ მივაყენებ, მით უფრო, რომ არც ვიცნობ,“ – აცხადებს ეკა ყუშიტაშვილი. 
ყუშიტაშვილისვე განცხადებით, პატრულის თანამშრომლის შეურაცხყოფას გაღიზიანებით ხსნის და ამბობს, რომ რამდენიმე თვის წინ მას პატრულის ერთი თანამშრომელი გადაეკიდა, რომელიც ხშირად აჩერებდა და საბუთების ნაცვლად ტელეფონის პირად ნომერს სთხოვდა. 
ეკა ყუშიტაშვილი, სავარაუდოდ, თელაველია.