ახალი ამბები

ქართული ღვინის შესახებ ფილმის პრემიერა გაზაფხულზე გაიმართება

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით საქართველოს სომელიეთა ასოციაცია ღვინის შესახებ დოკუმენტურ ფილმს იღებს.  ფილმის შემქმნელი საფრანგეთში მოღვაწე ქართველი რეჟისორი ნანა ჯორჯაძეა.
სრულმეტრაჟიანი დოკუმენტურ-შემეცნებითი ფილმის პრემიერა საქართველოში მიმდინარე წლის გაზაფხულზე იგეგმება. 
სომელიეთა ასოციაციის ხელმძღვანელის, შალვა ხეცურიანის თქმით, ფილმის პრემიერა ევროპის სხვადასხვა დიდ ქალაქშიც გაიმართება, ეს კი, მისი თქმით, ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებასა და ეროვნული კულტურის წარმოჩენას ხელს შეუწყობს.
რაც შეეხება ფილმის ბიუჯეტს, მისი მოცულობა ჯერჯერობით არ სახელდება, მიზეზი კი გადაღებების მიმდინარეობაა. თუმცა ხეცურიანის ინფორმაციით, თანხების უდიდესი ნაწილი ღვინის ეროვნულმა სააგენტომ და სომელიეთა ასოციაციამ გაიღო.