ახალი ამბები

კახეთში ფერმერებს მიწებს უყადაღებენ

აღნიშნულის გამო რამდენიმე თვეა პროფკავშირი დედოფლისწყაროს, სიღნაღისა და საგარეჯოს რაიონის ნაწილის სტიქიურ ზონად გამოცხადებას ითხოვს, მაგრამ უშედეგოდ. ირინე ფხოველიშვილის ინფორმაციით, ასეთ შემთხვევაში უშემოსავლოდ დარჩენილი ფერმერები მიწის გადასახადისგან გათავისუფლდებოდნენ. ფხოველიშვილის განმარტებით, არ ამოქმედებულა საგადასახადო კოდექსიდან არც ის მუხლი, რომელიც ფერმერს მოუსავლიანობის შემთხვევაში იცავს, კერძოდ: მოსავლის 50%-ის განადგურების შემთხვევაში ფერმერი მიწის გადასახადისგან უნდა გათავისუფლდეს.

პროფკავშირში აცხადებენ, რომ გვალვის გამო დაზარალებულთა პრობლემები არც წინა ადგილობრივმა თვითმმართველობამ მოაგვარა და არც ახალმა.
„2013-2014 წელს განადგურდა როგორც საშემოდგომო კულტურები, ასევე საგაზაფხულო ნარგავები და მრავალწლიანი კულტურები, გახმა ვენახი, გადაიწვა საძოვრები და შიმშილით საქონელს დაემართა ახალი სახის ყვავილი, რის გამოც სიკვდილიანობა მარტო სიღნაღის რაიონში იყო 100 სულზე მეტი“,- აცხადებს ,,კომერსანტთან” ირინე ფხოველიშვილი.
მისივე თქმით, მათი მოთხოვნა იყო კახეთის დაზარალებული რეგიონები გამოცხადებულიყო სტიქიურ ზონად, რაც ბანკებს კრედიტების ერთი სამეურნეო წლით გადავადების საშუალებას მიცემდა.

კახეთის გუბერანიაში აცხადებენ, რომ მთავრობას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მხოლოდ ერთი გადაწყვეტილება აქვს მიღებული. მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით, სიღნაღის მუნიციპალიტეტს ბიუჯეტში შექმნილი პრობლემის აღმოსაფხვრელად მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 300 000 ლარი გამოეყო.

“წელს სიღნაღის რაიონში გვალვა იყო, რის გამოც მოსახლეობამ მოსავლის დიდი ნაწილი ვეღარ აიღო. საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუ მოსავლის ნახევარზე მეტი განადგურებულია, ფიზიკური პირები აღარ გადაიხდიან მიწის გადასახადს და შესაბამისად, სიღნაღის რაიონის ბიუჯეტს გაუჩნდა პრობლემა, რადგან ეს მისი შემოსავლის წყარო იყო. ჩვენ 300 000 ლარი გამოვყავით მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, რათა სიღნაღის მუნიციპალიტეტმა გააგრძელოს საქმიანობა”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.

ფინანსთა სამინისტროში დღეს განმარტავენ, რომ მიწის გადასახადი ადგილობრივი გადასახადია, რომლის დეკლარირებაც ფიზიკურმა პირმა საგადასახადო წლის 1 ნოემბრამდე უნდა მოახდინოს და ხოლო თანხა 15 ნოემბრამდე გადაიხადოს.
სამინისტროს ინფორმაციით, დეკლარირებისას დაზარალებულმა ფერმერმა უნდა მიუთითოს, რომ ის დაზარალებულია, რის შემდეგაც მას ქონების გადასახადისგან გაათავისუფლებენ.
ფინანსთა სამინისტროში აღნიშნავენ, რომ კახეთის რაიონის ფერმერებს მსგავსი მითითება დეკლარირებისას არ გაუკეთებიათ, ამასთან, არ გადაუხდიათ არც მიწის გადასახადი, რის გამოც ავტომატურად მათი ქონების დაყადაღება მოხდა.
უწყებაში განმარტავენ, რომ დაზარალებულ ფერმერებს მონაცემებში კორექტირების შეტანა შეუძლიათ დაზუსტებული დეკლარაციის წარმოდგენით, რის შემდეგაც ქონების გადასახადის გადახდისგან გათავისუფლებიან.