ახალი ამბები

მსოფლიო სიტყვის თავისუფლების დასაცავად და ტერორიზმის წინააღმდეგ გაერთიანდა

პარიზში, ერთიანობის მარშში მსვლელობისას, რომელიც რესპუბლიკის მოედანზე გაიმართა, მსოფლიო ლიდერებმა ტერორისტული აქტის მსხვერპლთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. 11 იანვარი მსოფლიო პრესამ სიტყვის თავისუფლების დაცვის მნიშვნელოვან აქტად შეაფასა. 

“ფრანსპრესი” იუწყება, რომ საფრანგეთის ლიდერმა ფრანსუა ოლანდმა, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ და პალესტინის ლიდერმა მაჰმუდ აბასმა ტერორიზმთან ბრძოლის წინააღმდეგ ერთიანობის ნიშნად ერთმანეთს ხელი ჩასჭიდეს.

ტერორიზმისა და ისლამური ექსტრემიზმის პრობლემა მოკლე დროში ვერ მოგვარდება. ეს განცხადება კი დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა დევიდ ქემერონმა პარიზში გააკეთა, რომელიც ტერორიზმის წინააღმდეგ მიმდინარე მარშში მონაწილეობისთვის ჩავიდა. 

“ტერორიზმის საფრთხე ბევრი წლის წინ შეიქმნა და მასთან საბრძოლველად, ასევე, წლები იქნება საჭირო. ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა ქვეყანამ და პასუხისმგებელმა ორგანოებმა ამ პრობლემის მოგვარებაში საკუთარი წვლილი შეიტანონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი მოგვარება ვერანაირად ვერ მოხერხდება”, – აღნიშნა ქემერონმა.
მისივე თქმით, ტერორიზმის საწინააღმდეგო სტრატეგიის განსახილველად ორშაბათს ბრიტანეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლებს შეხვდება. ქემერონის განცხადებით, საფრანგეთის ტრაგედიიდან ყველამ უნდა მიიღოს მაგალითი.

ერთიანობის მარშს პარიზში მუსლიმი და ებრაელი სასულიერო ლიდერები შეუერთდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. პარიზში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად სოლიდარობის მარში მიმდინარეობს. ასობით ათასი ადამიანი რესპუბლიკის მოედნიდან ეროვნული მოედნისკენ მიემართება. აქციის მონაწილეები დაახლოებით 3-კილომეტრიან მარშრუტს გაივლიან. 

პარიზის მარშს შეუერთდა საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც საფრანგეთის პრეზიდენტს ქართველი ხალხის თანადგომა და მხადაჭერა გადასცა. 

მარშს წინ საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი და მსოფლიო ლიდერები მიუძღვოდნენ. 

ჟურნალ Charlie Hebdo-ს რედაქციაზე თავდასხმასა და შემდეგ განვითარებულ ტერორისტულ აქტებს საფრანგეთში 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.