სოფლის მეურნეობის სამინისტრო ,,ცხვრის ყვავილის” საწინააღმდეგო ვაქცინის შემოტანაზე მუშაობს
მათი თქმით, ამ დროისთვის დედოფლისწყაროში ცხვრის ყვავილით დაავადების რამდენიმე ათეული შემთხვევა გამოვლინდა.
როგორც ექსპერტები ამბობენ, აღნიშნული ვირუსლი ზამთარში განსაკუთრებით მძიმე ფორმით მიმდინარეობს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, საქართველოში კი ამ დროისთვის ცხვრის ყვავილის ვაქცინა შემოტანილი არ არის, რადგან ეს დაავადება ქვეყანაში 1997 წლის შემდეგ აღარ გამოვლენილა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, გიგა ქურდოვანიძეს თქმით, სააგენტოს სპეციალისტები დედოფლისწყაროში უკვე იმყოფებოდნენ და აიღეს ნიმუშები, ლაბორატორიული კვლევისთვის და ანალიზის პასუხებით კი დადასტურდა, რომ გავრცელებული დაავადება ნამდვილად ცხვრის ყვავილია.
,,დაავადებული ცხვრის ფარა დედოფლისწყაროში ასპინძიდან გადმოვიდა. ვვარაუდობთ, რომ დაავადება თურქეთიდან გავრცელდა. ამ დროისთვის გამოვლენილია დაავადების რამდენიმე ათეული შემთხვევა. ფარაში ყველა საჭირო სანიტარული და ვეტერინარული ღონისძიებები გატარდა. დაავადებული საქონელი იზოლირებულია დანარჩენი ფარისგან. ამჟამად სახელმწიფო პროგრამაში ცხვრის ყვავილის ვაქცინაცია არ შედის: ეს დაავადება საქართველოში 1997 წლის შემდეგ აღარ დაფიქსირებულა. ვაქცინის შემოტანაზე სახელმწიფო უკვე აქტიურად მუშაობს”, – განაცხადა ქურდოვანიძემ.
„ასოციაცია მომავლის ფერმერის“ მთავარი ვეტკონსულტანტის მიხეილ ჭიჭაყუას თქმით, დაავადების ლიკვიდაციისთვის სათანადო ზომები 1-2 კვირაში თუ არ იქნება მიღებული, შესაძლოა ცხვრის ყვავილი ფართო მასშტაბით გავრცელდეს და დაავადებამ მთელი ქვეყანა მოიცვას. ,,ცხვარში ყვავილი ვლინდება სეზონურად. ეს დაავადება შეიძლება გაჩნდეს წლის ყველა დროს, მაგრამ მძიმედ მიმდინარეობს წლის ცივ პერიოდში და ტენიან ამინდში. ვეტერინარულ-სანიტარული და საკარანტინო ღონისძიებები რაც შეიძლება სწრაფად უნდა ჩატარდეს. რამდენიმე კვირაში ამ ღონისძიებების გატარება უკვე დაგვიანებული იქნება და ფერმერები დაზარალდებიან. პირველ რიგში, სასწრაფოდ უნდა ჩატარდეს ვაქცინაცია ქვეყნის სრული მასშტაბით, რადგან ყვავილმოხდილი ცხვარი 5 წლის განმავლობაში კვლავ იქნება დაავადების მატარებელი. საქართველოში არ არის რეგისტრირებული ცხვრის ყვავილის ვაქცინა. ჩვენი რეკომენდაციაა, რომ სახელმწიფომ ცხვრის ყვავილის ვაქცინა ფერმერებს უსასყიდლოდ დაურიგოს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ საძოვარზე ბალახის არარსებობის გამო ცხვრის დიდი ნაწილი კარგი ნაკვები არ არის, ამიტომ დაცემის პროცენტი მაღალი იქნება და ეს მაშინ, როდესაც დოლი წინ არის”,- აცხადებს მიხეილ ჭიჭაღუა.