შსს-ს არქივის დირექტორი – ფილმი „ვინ მოკლა ილია“ ცვლის ისტორიას
ფილმი ილიას მკვლელობის სრულიად ახალი ვერსიის ეკრანიზაციაა, რომელიც ისტორიკოსებისა და მკვლევარების მოსაზრებებითაა გამყარებული. მოქმედება დროის სამ მონაკვეთში ხდება – ილიას მკვლელობის დღეს, ბოლშევიკურ ეპოქაში, როდესაც მკვლელობაში მონაწილე პირების გაასამართლეს და თანამედროვე ეპოქაში, როდესაც თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით მომხდარი დეტალების აღდგენა და მოკვლევა ტარდება. შსს-ს არქივის თანამშრომლებმა მკვლევარებთან ერთობლივი მუშაობის შედეგად აღმოაჩინეს ილიას მკვლელობის სრულიად ახალი და აქამდე უცნობი დეტალები, რომლებიც ფილმში სრულად არის წარმოდგენილი. ფილმში, ასევე, გამოყენებულია თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ თენგიზ სიმაშვილის მიერ საქართველო საისტორიო ცენტრალური არქივსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო სამმართველოს ფონდებში აღმოჩენილი მასალები.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში ბოლო წლებში წარმოებული კვლევების შედეგად, რომლებიც ძირითადად ემყარებოდა იქ დაცული სისხლის სამართლის ანალიზს და პარტიულ არქივში დაცულ 1906-1910 წლების დოკუმენტებს, გამოიკვეთა ილიას მკვლელობის ახალი მონაწილე. ამის შესახებ სიღრმისეული კვლევა ჩაატარა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, თენგიზ სიმაშვილმა. ფილმი ვინ მოკლა ილია ისტორიას ცვლის, რადგან ის დეტალები და გარემოებები, რომლებიც აქამდე ამ საზარელი მკვლელობის შესახებ იყო ცნობილი, ფაქტობრივად იცვლება“, – განაცხადა შსს-ს არქივის დირექტორმა ომარ თუშურაშვილმა.
თესაუს პროფესორ თენგიზ სიმაშვილის განცხადებით, ილია ჭავჭავაძის მვლელობის შესახებ უახლეს საარქივო მასალაზე დაფუძნებული ფილმი საბოლოოდ ადასტურებს, რომ მკვლელობაში უშუალო მეოთხე მონაწილე, იმერელის მეტსახელით მოხსენიებული არის არა სერგო ორჯონიკიძე, არამედ ილიკო იმერლიშვილი.
„აღნიშნული ფილმი და მასში გამოყენებული დოკუმენტები ცვლის ისტორიას. ჩვენ შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ ილიას მკვლელობა სწორედ სოციალ-დემოკრატიული პარტიის ბოლშევიკური ფრთის წარმომადგენლებმა ჩაიდინეს. არის ასობით დოკუმენტი, რომლებიც შეიძლება უტყუარ მტკიცებულებად მივიჩნიოთ“, – აღნიშნა სიმაშვილმა.
ილია ჭავჭავაძის მკვლელობის ფაქტზე ამავე დროს ჩატარდა სისხლის სამართლის საქმის ხელახალი შესწავლა. საქმე შსს-ს არქივშია დაცული და 11 ტომს მოიცავს. შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ მთავარ სამმართველოშო ჩატარდა ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა, ხოლო ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩატარდა ილია ჭავჭავაძის გაკვეთაში მონაწილე ექიმის დასკვნის ხელახალი ექსპერტიზა.
მხატვრულ-დოკუმენტურ ფილმში ილია ჭავჭავაძის როლი კოტე თოლორდავამ შეასრულა, ხოლო მწერლის მეუღლე ნანუკა ხუსკივაძემ განასახიერა. ფილმის რეჟისორი და სცენარის ავტორია მიხეილ ბერინაშვილი, ხოლო მუსიკალური გაფორმება კი ნიაზ დიასამიძეს ეკუთვნის.
შსს-ს არქივის მიერ გადაღებული ფილმის ჩვენება რეგიონებში მიმდინარეობს. ილიას მკვლელობის შესახებ მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის ჩვენება თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც გაიმართა.