ახალი ამბები

10 ოქტომბერი ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღეა

ამასთან დაკავშირებით, საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის კოალიციის წარმომადგენლები დღეს, 16:00-დან 17:00 საათამდე, სკულპტურა “მუზის” მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბებიან.
“10 ოქტომბერს საქართველო, როგორც მსოფლიოს ნაწილი, ხმას აიმაღლებს ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანების მიმართ არსებული სტიგმის წინააღმდეგ. ერთმანეთის მხარში დგომით ჩვენ შევძლებთ ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს რეფორმირებას. გამოჯანმრთელება შესაძლებელია”, – აცხადებს ფსიქიატრი მანანა შარაშიძე. 
10 ოქტომბერს ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღე 1992 წლიდან აღინიშნება. 2014 წელი შიზოფრენიის დიაგნოზთან ერთად ცხოვრების წლად არის გამოცხადებული, რათა საზოგადოებამ ყურადღება გაამახვილოს და მეტი გაიგოს შიზოფრენიაზე – ამ რთულ, მაგრამ მართვად ფსიქიკურ აშლილობაზე. ეს დაავადება მრავალს იზოლაციასა და ტანჯვაში ამყოფებს. შიზოფრენიის ქრონიკული ბუნების გამო აღიარებულია, რომ ინტეგრირებული სამედიცინო და სოციალური სერვისების განვითარება დადებით როლს ასრულებს დაავადების მიმდინარეობასა და სოციალური ფუნქციონირების აღდგენაზე. დაავადება უფრო ხშირად ადრეული მოზრდილობის ასაკში იჩენს თავს, ის გავლენას ახდენს პირის ფინანსურ და სოციალურ კეთილდღეობაზე. ადამიანების ამ ჯგუფში ძალიან მაღალია უმუშევრობა. შიზოფრენიით დაავადებული ადამიანები ჩვეულებრივ მოსახლეობასთან შედარებით 15-20 წლით ადრე კვდებიან, ძირითადად, თანმდევი სომატური დაავადებებისა და მავნე ჩვევის გამო. ხშირია სუიციდიც. 
თანამედროვე მიდგომების ფოკუსი ცხოვრების ხარისხის გაზრდასა და გამოჯანმრთელებაში მდგომარეობს, რაც სოციალური ფუნქციონირების სრულ აღდგენას გულისხმობს. ბევრი ცხოვრობს შიზოფრენიისათვის დამახასიათებელი სიმპტომებით და ცდილობს მათთან გამკლავებას. დაავადებასთან გამკლავების ფორმებია: მედიკამენტების მიღება და ფსიქოსოციალური ინტერვენცია, თანამდევი სომატური დაავადებების მკურნალობა, მავნე ჩვევების დაძლევა, თვითდახმარების ჯგუფებში გაერთიანება.