ძველ სახელმწიფო სანომრე ნიშნებს იურიდიული ძალა 2020 წლის 1 სექტემბრამდე შეუნარჩუნდებათ
ახალი ნომრები ახალი ჩამოყვანილი ავტომობილის განბაჟებისა და შემდგომი გაფორმების, ან საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილის გადაფორმების შემთხვევაში გაიცემა, ძველ სანომრე ნიშნებს კი ვადა 2020 წლამდე აქვთ. ასევე შესაძლებელია სასურველი სანომრე ნიშნის აღებაც, თუმცა ამ შემთხვევაში ნებისმიერ სასურველ ნომერს თავისი ფასი აქვს.
შსს მომსახურების სააგენტომ 1 სექტემბრიდან ახალი სანომრე ნიშნების გაცემა დაიწყო.
ძველ სახელმწიფო სანომრე ნიშნებს იურიდიული ძალა უნარჩუნდებათ 2020 წლის 1 სექტემბრამდე, თუმცა მანქანის ყიდვის შემთხვევაში ე.წ უფასო ნომრები ახალ მანქანაზე ვერ გადავა, სავალდებულოა ახალი ნომრის აღება, რომლის ფასი 70 ლარია.
ფასიანი ნომრების შემთხვევაში კი მათი სხვა მანქანაზე გადატანა შესაძლებელია 2020 წლის 1 სექტემბრამდე, ოღონდ ნომერი არ უნდა იყოს დაზიანებული და უნდა ექვემდებარებოდეს სხვა მანქანაზე დაყენებას. სანომრე ნიშნის საფასური დამოკიდებულია მასში შემავალი ლათინური ასოებისა და ციფრების კომბინაციაზე.