საგარეჯოში მოკლული ახალგაზრდის ოჯახი მკვლელობაში ბრალდებულის ოჯახის სხვა წევრების დაკავებასაც ითხოვს
როგორც გარდაცვლილის ბიძა ამბობს, რომ მსხვერპლს არა მხოლოდ დაკავებული, არამედ მისი მეუღლე და ორი შვილი ურტყამდა.
“ერთი წელი უყვარდათ ერთმანეთი, ულფუკარმა გოგონასგან ღამე მესიჯი მიიღო – მამაჩემი სახლში არ არის და წამიყვანეო. ისინი მანქანით აპირებდნენ გაპარვას, როდესაც მოულოდნელად გოგოს მამა მივიდა. მან მანქანის შუშები ნაჯახით ჩაამტვრია, ბიჭს ხელ-ფეხი შეუკრა და სახლში შეათრია. სახლში კი მას გოგოს მამასთან ერთად მისი ცოლი და ორი ბიჭი ღამის 12-დან დილის 5 საათამდე ურტყამდა. უკვე გარდაცვლილის ცხედარს კი სიგარეტის ნამწვს აქრობდნენ”, – აცხადებს გარდაცვლილის ბიძა.
მისივე თქმით, დაკავებულია მხოლოდ გოგოს მამა, ახლობლები კი დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დაკავებასაც ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათი ლინჩის წესით გასამართლებას გეგმავენ. მკვლელობაში ბრალდებულის სახლს ამჟამად პოლიცია იცავს.
გარდაცვლილი ულფუკარ კ. უკვე დაკრძალეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1972 წელს დაბადებული ნოვრუზ ქ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით საგარეჯოს რაიონის სოფელ კაზლარში დააკავეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშულს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით).