არასამთავრობოები – მთავრობა უცხოელებზე მიწის მიყიდვას ფაქტობრივად კრძალავს
არასამთავრობო ორგანიზაციები მთავრობის კანონპროექტს იწუნებენ და ხელისუფლებას პროექტზე მუშაობისას სამოქალაქო სექტორის ჩაურთველობის გამო საყვედურობენ.
„ფერმერთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი ნინო ზამბახიძე „კომერსანტთან“ საუბრისას აცხადებს, რომ კითხვას აჩენს, პუნქტი, რომელიც აგრარული გამოცდილების უცხოელს ეხება და რომლის მიხედვითაც უცხო ქვეყნის მოქალაქეს მიწის შესყიდვა იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ მას აგრარულ სფეროში 5-წლიანი გამოცდილება აქვს მიღებული. ზამბახიძეს აინტერესებს, ვინ აღრიცხავს და დაადასტურებს 5-წლიან გამოცდილებას და რა ითვლება აგრარულ მეურნეობად.
„რას ნიშნავს აგრარული გამოცდილება? ეს ნიშნავს, რომ ფერმერს უნდა ჰქონდეს პირველადი წარმოება, თუ ეს ნიშნავს, რომ უცხოელს უნდა ჰქონდეს ერთი ტრაქტორი და ეს საკმარისია აგრარული მეურნეობისთვის?“,- აცახდებს ზამბახიძე.
მისივე თქმით, კანონის პროექტი განსაზღვრავს, რომ მიწის შეძენის შემთხვევაში ქართული მხარე უნდა ფლობდეს საკონტროლო პაკეტს, ასეთი პირობით ბაზარზე შემოსვლას კი უცხოელი ინვესტორები არ მოინდომებენ.
„რომელი უცხოელი ჩადებს ფულს იმ კომპანიაში, სადაც საკონტროლო პაკეტი ქართველს ექნება? რაღაც მხრივ კარგია, რომ საქართველოს მიწას ვუფრთხილდებით, მაგრამ მეორე თემაა, როგორ ვიზიდავთ ინვესტიციებს? საკითხი დგას იმიტომ, რომ ქართველები მიწას ვერ ამუშავებენ და თუ გვინდა ინვესტიციების მოზიდვა, ასე არ გამოვა“,- აცხადებს ზამბახიძე.