ახალი ამბები

ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით ბაისუბანში ერთი პირი დააკავეს

შსს-მ ლაგოდეხის რაიონში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული, წარსულში მკვლელობის მცდელობისთვის ნასამართლევი ამბაკო ტ. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით სოფელ ბაისუბანში დააკავეს.

სამართალდამცველებმა ამბაკო ტ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას “ა-კა-ემ”-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი 1 მჭიდითა და 10 საბრძოლო ვაზნით ამოიღეს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).