ახალი ამბები

მიხეილ სააკაშვილის ყვარლის საცხოვრებელი სახლი დააყადაღეს

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა დღეს გაავრცელა იმ ქონების ჩამონათვალი, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით მიხეილ სააკაშვილსა და მის ოჯახს დაუყადაღდა. ადვოკატის თქმით, დააყადაღებულია სააკაშვილის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწა, რომლის ფართობიც 2 ჰექტარზე ნაკლებია, ასევე ყვარლის საცხოვრებელი სახლი 75 კვადრატული მეტრის ფართით; 

დაყადაღებულია მიხეილ სააკაშვილის, მისი მეუღლის, შვილების, დედის, მამის და ბებიის ქონება. ბებიის მზია წერეთლის 500 კვადრატული მეტრი ნაკვეთი ოზურგეთში და მისი 10 წლის ავტომობილი ტოიოტა რავ 4; გიული ალასანიას საკუთრებაში არსებული 0.2 ჰექტარზე ნაკლები ფართობის მიწის ნაკვეთი ყვარელში; მეუღლის სანდრა რულოვსის საკუთრებაში არსებული ბინა და მანსარდა თბილისში; ბებიის საკუთრებაში არსებული მშენებარე ბინა თბილისში და 17 წლის ჰონდა აკორდი. 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და მისი ოჯახის ქონების დაყადაღების გადწყვეტილება თავდაპირველად, 29 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ არსენ კალატოზიშვილმა მიიღო. 
შესაბამისი შუამდგლომობით სასამართლოს მთავარმა პროკურატურამ მიმართა. მოსამართლემ შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და სააკაშვილის და მისი ოჯახის გარკვეული ქონება დააყადაღა. 
ეს გადაწყვეტილება დაცვის მხარის მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდა. არსებული ინფორმაციით,  სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა.