საჯარო დაწესებულებებში ახალი სამუშაო საათები პირველი სექტემბრიდან ამოქმედდება
ამასთან დაკავშირებით უკვე გამოქვეყნდა პრემიერ–მინისტრის ბრძანებულება, რომლის მიხედვითაც, საჯარო უწყებებში სამუშაო საათები 09:00 საათზე დაიწყება და 18:00 საათზე დასრულდება. ბრძანებულების მიხედვით, გათვალისწინებულია ერთსაათიანი შესვენება.
პრემიერ–მინისტრის ბრძანებულების მიხედვით, განისაზღვრა ის საჯარო დაწესებულებები, სადაც ახალი წესი არ გავრცელდება, მათ შორისაა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო: გენერალური ინსპექცია, საგამოძიებო დეპარტამენტი, სამედიცინო დეპარტამენტი, სისტემის სამხედრო მოსამსახურეები, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სასჯელაღსრულების დეპარტამენტისა და მის დაქვემდებარებაში არსებული პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს – თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულება; გენერალური ინსპექცია, აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებლებისა და სტრუქტურული ერთეულის – აღსრულების პოლიციის სამმართველო, შსს–ს სისტემაში შემავალი ის დანაყოფები, რომელთა უფლებამოსილებაშიც შედის ოპერატიულ-სამძებრო, საგამოძიებო, სადაზვერვო, კონტრდაზვერვითი, სახანძრო-სამაშველო, საბრძოლო, ობიექტების/ტერიტორიის დაცვის, საზოგადოებრივი წესრიგის, სახელმწიფო უსაფრთხოების, დროებითი დაკავების/მოთავსების, სამორიგეო, საექსპერტო, საგანმანათლებლო, ფასიანი მომსახურების ან/და გარკვეული სპეციალური ფუნქციის განხორციელების სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელება;
ასევე, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური; შემოსავლების სამსახურის ცალკეული სტრუქტურული ერთეულები; აგრეთვე, ის საჯარო მოსამსახურეები/პირები, რომელთათვისაც, დაწესებულების სპეციფიკის გათვალისწინებით, დადგენილია განსხვავებული სამუშაო დრო.