მოზარდებში სუიციდის თავიდან ასარიდებლად ფსიქიატრები ფსიქორეაბილიტაციის ცენტრების გახსნის იდეით გამოდიან
როგორც „კომერსანტს“ ყურაშვილმა განუცხადა, საქართველოში ფსიქოლოგებსა და ფსიქიატრებს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მიმართავენ და არა იმ დროს, როდესაც პრობლემის მოგვარება შედარებით მარტივად, მკურნალობის გარეშეა შესაძლებელი.
იგი ამბობს, რომ მას პრობლემურ არასრულწლოვნებთან დაკავშირებით, ძალიან იშვიათად მიმართავენ. პაციენტების უმეტესობა კი მასთან მხოლოდ იმ დროს მიდის, როდესაც სპეციალისტის გარეშე პრობლემას ვეღარ უმკლავდება.
„დიდი მომართვა ნამდვილად არ არის. თუ ადამიანს ძალიან არ გაუჭირდა, ფსიქიატრთან ბავშვის მიყვანას ერიდება. მოდიან და მთხოვენ ბავშვს ვუთხრა, რომ მე ფსიქიატრი კი არა, ფსიქოლოგი ვარ. რატომ უნდა ვთქვა მე ეს, როდესაც ფსიქიატრი ვარ“, – განაცხადა ყურაშვილმა „კომერსანტთან“ საუბრისას.
ფსიქიატრი ამბობს, რომ ფსიქორეაბილიტაციის ცენტრში ბავშვი აუცილებლად მშობლებთან ერთად უნდა მივიდეს და არსებული პრობლემის გადაჭრის გზები ყველამ ერთად მოისმინოს.
„ეს პრობლემა მარტო ბავშვს არ ეხება. ეს ოჯახის პრობლემაა და მის აღმოფხვრაზე ყველამ ერთად უნდა იზრუნოს. როდესაც ოჯახში ეს სიტუაცია იქმნება, როდესაც ბავშვს სახლიდან გაქცევა უნდა, აუცილებელია რეაბილიტაციის პროცესს მშობელიც დაესწროს. ოჯახისწევრებმა თავიანთი ქცევებისა და ურთიერთობების მართვა უნდა ისწავლონ“, – აცხადებს ყურაშვილი.
მისივე თქმით, შვილებთან დაპირისპირება ყველაზე ხშირად მამინაცვალსა და დედინაცვალს, ასევე მარტოხელა დედებს აქვთ. იგი განმარტავს, რომ ამის მიზეზი ძირითადად ბავშვის მიმართ გამოჩენილი თავმოყვარეობა, შეურაცხმყოფელი სიტყვები და ქცევები, ნათლად გამოხატული აგრესიაა.