ახალი ამბებისტატიები

„ერთი ტრაქტორი მაინც გამოგზავნეთ“ – თელავის სოფლების მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში სტიქიის შედეგებთან გამკლავებას მოსახლეობა ამ დრომდე საკუთარი ძალებით ცდილობს. ადგილობრივები აცხადებენ, რომ წყლის დონემ ნაწილობრივ იკლო, თუმცა სავარგულებზე წყლისა და შლამის მასები კვლავ გადადის, რის გამოც ვენახებისა და მრავალწლიანი კულტურების გადარჩენა სულ უფრო რთულდება.

მოგვაქციეთ ყურადღება! ერთი ტრაქტორი მაინც გამოგზავნეთ! ჰექტრობით ვენახი წყალში იხრჩობა,“ – ამ სიტყვებით მიმართავენ ხელისუფლებას დაზარალებული მევენახეები.

წინანდალში მცხოვრები მევენახე სიმონ ბატიაშვილი „კახეთის ხმასთან“ ამბობს, რომ სტიქიის შედეგად ვენახების უდიდესი ნაწილი განადგურდა, ხოლო გადარჩენილი ნაკვეთების მოვლაც პრაქტიკულად შეუძლებელია.

„ვენახების 80-90% ძირიანად არის ამოძირკული. რაც დარჩა, იმას მაინც რომ მივხედოთ, ნაკვეთამდე ვერ მივდივართ – წყალში და შლამში ვიხრჩობით.“

ადგილობრივი ფერმერების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სოფლის წარმომადგენლებს შექმნილი ვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს, ადგილზე შესაბამისი ტექნიკა ამ დრომდე არ გამოჩენილა.

„საქმის კურსში ჩავაყენეთ სოფლის რწმუნებული, მაგრამ შედეგი არ არის. კაციშვილი არ შეგვხმიანებია. ერთი ტრაქტორიც კი არ ჩანს.“

მევენახეები ამბობენ, რომ მძიმე მდგომარეობაა წინანდლის, ქვემო ხოდაშნისა და კისისხევის მიმდებარე სასოფლო-სამეურნეო სავარგულებში.

„ფიზიკურად ვერ შევდივართ ნაკვეთებამდე. ასეულობით ჰექტარი ტერიტორია სრულად არის განადგურებული. სესხები და ვალები გვაქვს გასასტუმრებელი, წლის მოსავალი დავკარგეთ, მაგრამ ყველაზე მძიმე ის არის, რომ თავად ვენახის ძირებიც კი განადგურდა. ასეთი რამე არ მახსოვს.“

ადგილობრივების შეფასებით, ანალოგიურ მდგომარეობაში ათეულობით ფერმერია. ისინი ამბობენ, რომ დაზიანებული ტერიტორიების ნაწილი ჯერ კიდევ არ არის სრულად შესწავლილი და მიაჩნიათ, რომ დახმარება ყველა დაზარალებულ ლოკაციამდე თანაბრად უნდა მივიდეს.

ერთ-ერთი ადგილობრივი „კახეთის ხმასთან“ ამბობს:

„გლეხკაცს ზოგჯერ სიტყვაც შველის. ჩვენთვის სიტყვაც არავის ემეტება.“

„კახეთის ხმა“ აგრძელებს სტიქიის ზონიდან ინფორმაციის შეგროვებას და მზად არის გააშუქოს როგორც მოსახლეობის პრობლემები, ისე შესაბამისი უწყებების პოზიცია და გადადგმული ნაბიჯები.