ახალი ამბებისტატიები

რა ხდება თელავის უძრავი ქონების ბაზარზე?

ურავი ქონების ბაზარი თბილისში ყოველწლიურად იზრდება. იგივე ტენდენცია შეინიშნება საქართველოს რეგიონებშიც. ბათუმი და ქუთაისი ახლა მშენებლობის მხრივ ყველაზე ინტენსიური ტემპით ხასიათდება, რასაც მიყვება ფოთი და სხვა ქალაქები. 

ბოლო 3 წლის მანძილზე ქალაქი თელავიც ახალი მშენებლობების განვითარების მხრივ ზრდას განაგრძობს, თუმცა ტენდენცია 2026 წელს მცირედ შენელებულია. უძრავი ქონების სფეროს ექსპერტები რეგიონებში მშენებარე  ფართების ფასის დაახლოებით 25%-  იან ზრდაზე საუბრობენ. ამ მხრივ გამონაკლისი არც თელავია.

კვადრატულ მეტრზე ფასები წლის დასაწყისში თითქმის თბილისის გარეუბნის ფასებს გაუტოლდა. უძრავ ქონებაზე მოთხოვნა დაახლოებით 2 წლის წინ უფრო ინტებსიური იყო, წელს ეს მოთხოვნა მცირედით შენელდა. აღნიშნავენ დეველოპერულ კომპანიებში.

ღვინისა და ყურძნის სამშობლოში ინვესტიციების განხორციელებით თავდაპირველად საქართველოს მოქალაქეებთან ერთად დაინტერესება იზრდებოდა ევროპის ქვეყნების მოქალაქეებში, თუმცა ეს ტენდენცია შენელდა.

მაგალითად, ბათუმში უძრავ ქონებას ძირითადად ისრაელისა და რუსეთის მოქალაქეები ყიდულობენ,  ხოლო „თელავის მიმართულებით სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების ტრანზაქციები შერეულია. ევროპიდან არიან დამკვეთები, რომლებსაც აინტერესებთ თელავის ბაზარი. კახეთი არის ღვინისა და ყურძნის სამშობლო – აქედან გამომდინარე, დიდია რეგიონის მიმართ ევროპული ინტერესები და სასიხარულოა ეს ჩვენთვის, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეებისთვის. თელავში შერეულად არიან ქვეყნები, რომლის მოქალაქეებიც დაინტერესებული არიან ინვესტიციების განხორციელებით“, –  ამბობს უძრავი ქონების სპეციალისტი ვაჟა მებაღიშვილი.

მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქეებიც აქტიურად არიან ჩართულები კახეთში უძრავი ქონების შეძენით. ისინი კერძო სახლებს მუდმივ საცხოვრებლად ან სააგარაკედ ყიდულობენ.

„თბილისში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები სააგარაკედ და საცხოვრებლად. თელავის და საგარეჯოს მიმართულებით ყიდულობენ კერძო სახლებს და იყენებენ ამას როგორც სააგარაკედ, ისე მუდმივ საცხოვრებელ ადგილად – ძალიან დიდი ცვლილება მოხდა ამ მიმართულებით, ხშირად ფიქსირდება ტრანზაქციები“, – განაცხადა ვაჟა მებაღიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ თელავის განვითარების გენერალური გეგმა, რომელიც ქალაქის განაშენიანების მიმართულებებს უნდა განსაზღვრავდეს, ჯერ კიდევ არ არის დამტკიცებული.  მშენებლობის ტემპი კი დაინტერესების ინტენსივობაზე მეტყველებს.