ამერიკას და საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისადმი საერთო სწრაფვა აერთიანებთ
ამერიკის საელჩოში ქვეყნის 250 წლისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა.
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობდით ქართველ ხალხთან და ქართულ ინსტიტუტებთან. ქართველები და ამერიკელები მხარდამხარ შრომობდნენ ორივე ქვეყნის კეთილდღეობისთვის, – ასე მიესალმა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ალან პერსელი აშშ-ის საელჩოს მიერ ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას მიწვეულ სტუმრებს.
ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ახალი საზღვაო პროექტის შესახებ. – გასულ კვირას გამორჩეული იყო ჩვენი შეხვედრა ფოთში, სადაც ოფიციალურად გამოცხადდა ახალი საზღვაო პორტის გაფართოების პროექტი, რომელიც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, – აღნიშნა მან.
პერსელმა ხაზი გაუსვა, რომ შეერთებული შტატები ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
მან ასევე დიდი მადლიერებით გაიხსენა ქართველი სამხედრო პირები, რომლებმაც სამშვიდობო მისიებში სიცოცხლე გაიღეს. პერსელმა მადლობა გადაუხადა საქართველოში ამერიკის საელჩოს გუნდს და ქართველებს მრავალწლიანი ერთგულებისთვის.
„ზუსტად 250 წლის წინ, ამ კვირაში, კონტინენტურმა კონგრესმა, რომელიც ფილადელფიაში ომისა და გაურკვევლობის ჟამს, ზაფხულში შეიკრიბა, მიიღო დამოუკიდებლობის დეკლარაცია. მასში დეტალურად იყო ჩამოყალიბებული ამერიკის დამოუკიდებლობის საფუძვლები და ამერიკული ხედვა იმის შესახებ, თუ რა წარმოადგენს მმართველობის მართებულ ფორმას. დეკლარაციის სიტყვებით რომ ვთქვათ: „ჩვენთვის თავისთავად ცხადია ის ჭეშმარიტება, რომ ადამიანები შექმნილი არიან როგორც თანასწორნი, რომ მათ ღმერთმა მიანიჭა გარკვეული ხელშეუვალი უფლებები, როგორიცაა სიცოცხლე, თავისუფლება და ბედნიერებისკენ სწრაფვა“.
ოთხი ოცეული და შვიდი წლის შემდეგ კი პრეზიდენტმა აბრაამ ლინკოლნმა, ომისა და უდიდესი გამოცდის კიდევ ერთ ეპოქაში, ამერიკული ექსპერიმენტი აღწერა, როგორც „ხალხის მმართველობა, ხალხის მიერ და ხალხისთვის“.
„დღეს, დეკლარაციის მიღებიდან 250 წლის შემდეგ, ჩვენ, ამერიკელები, ყველანი ამ მემკვიდრეობის მატარებელნი ვართ. ჩემზე, როგორც ადამიანზე, რომელიც 28 წლის განმავლობაში წარმოადგენდა თავის ქვეყანას საერთაშორისო ასპარეზზე, განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ახდენს ის, თუ როგორ ქმნის ამერიკის დამფუძნებელი პრინციპები მსოფლიოს ხალხებთან მყარი, ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისა და პარტნიორობის საიმედო საფუძველს.“- განაცხადა ალან პერსელმა.
საზეიმო მიღებაში საქართველოს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან ერთად პრემიერ მინისტრი ირაკლი კობახიძე და მთავრობის წევრებიც ესწრებოდნენ.

