სიძულვილის ენის წინააღმდეგ შექმნილი სამმართველო მუშაობას შეუდგა
პირველ ივნისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახლად შექმნილი სამმართველო ფუნქციონირებას შეუდგა, -ამის შესახებ წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
,,სამმართველოს ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები ადამიანის ღირსების შემლახველი/შეურაცხმყოფელი და სიძულვილის ენის შემცველი საჯაროდ გავრცელებული იმგვარი განცხადებების მონიტორინგი და პროაქტიული გამოვლენა იქნება, რომელიც შეიცავს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ სამართალდარღვევის ნიშნებს.
სამმართველო მოახდენს სავარაუდო სამართალდამრღვევი პირის გამოვლენას, ვინაობის დადგენას, ადმინისტრაციული წარმოების მასალების მომზადებას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენას და განსჯადობის წესების დაცვით, საერთო სასამართლოებში გადაგზავნას.
საწყის ეტაპზე სამმართველოს თანამშრომელთა რაოდენობა განისაზღვრა ათი საშტატო ერთეულით.
სამმართველოს თანამშრომლები, საქმიანობას განახორციელებენ იმ საკანონმდებლო ჩარჩოს ფარგლებში, რაც უკვე მოქმედებს ქვეყანაში.’
შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თამთა ქიმბარიშვილი უხელმძღვანელებს.
როგორც თამთა ქიმბარიშვილმა აღნიშნა, სამმართველო საქმიანობას დღეიდან 10 თანამშრომლით შეუდგა.
“სამმართველოს ფუნქციაა, სოციალურ ქსელსა თუ მედიაში საჯაროდ გავრცელებული შეურაცხმყოფელი, ადამიანის ღირსების შემლახველი, სიძულვილის ენის შემცველი განცხადებების მონიტორინგი და პროაქტიული გამოვლენა, რომელიც შეიცავს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნიშნებს. აღნიშნული სამმართველო გამოავლენს სავარაუდო სამართალდარღვევას, გამოავლენს სავარაუდო სამართალდარღვევის ჩამდენ პირს, მოახდენს მის იდენტიფიცირებას, ადმინისტრაციული წარმოების მასალების მომზადებას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენას და განსჯადობის წესების დაცვით, აღნიშნული მასალების საერთო სასამართლოებში გადაგზავნას. საწყის ეტაპზე, სამმართველოს თანამშრომელთა რაოდენობა განისაზღვრა 10 საშტატო ერთეულით. სამმართველოს თანამშრომლები საქმიანობას განახორციელებენ ქვეყანაში უკვე არსებული რეგულაციების საფუძველზე”, – განაცხადა ქიმბერიშვილმა.

