საგარეჯოში თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნა გადავადდა
საგარეჯოს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნა კიდევ გადავადდა.
მთავრობის დადგენილებით თიზ-ის ფუნქციონირების ვადის დაწყებად 2027 წლის 1-ელ მარტი განისაზღვრა. ცნობისთვის, აღნიშნული თიზ-ი წესით, ჯერ კიდევ 3 წლის წინ უკვე უნდა ამოქმედებულიყო.
bpn.ge-ს ინფორმაციით, პროექტს შპს „ასი გრუპ ჯორჯია“ ახორციელებს, რომელიც ვალდებულია, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბოგდანოვკაში თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნისათვის საჭირო პირობები უზრუნველყოს.
კერძოდ:
საგარეჯოს თიზ-ისთვის განკუთვნილ მიწის ნაკვეთზე ფუნქციონირების დაწყებამდე საგარეჯოს თიზ-ის შესასვლელ-გამოსასვლელში საბაჟო გამშვები პუნქტის მოწყობა, შესაბამისი ინფრასტრუქტურითა და ტექნიკა-დანადგარით აღჭურვა, შემდეგი პირობების დაცვით:
საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე შენობა-ნაგებობებისა და სპეციალური ტექნიკის (მათ შორის, ხელბარგის რენტგენოსკანერის) განთავსება, წარმოდგენილი სიტუაციური გეგმის (ნახაზის) შესაბამისად;
სპეციალიზებული საავტომობილო სასწორის განთავსება;
საქონლის დათვალიერების ადგილის გამოყოფა და შესაბამისად აღჭურვა (სასწორი, გადმოტვირთვა-დატვირთვის სპეციალური ტექნიკა);
საბაჟო დეკლარაციის შევსების, აღრიცხვის მოწმობის გამოწერისა და კონტროლიდან მოხსნისათვის აუცილებელი კომპიუტერული ტექნიკით, ქსელით, ასევე სსიპ − შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ელექტრონულ ბაზასთან ამავე სამსახურის მიერ განსაზღვრული სიმძლავრის კავშირის უზრუნველყოფა;
საბაჟო გამშვები პუნქტის აღჭურვა გამოსახულების ჩამწერი და მიმდინარე რეჟიმში სსიპ − შემოსავლების სამსახურისათვის გადაცემის ტექნიკური საშუალებებით;
სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოების განთავსებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა და ტექნიკა-დანადგარებით აღჭურვა;
ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის პროცედურების ჩატარების აუცილებლობის შემთხვევაში საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა.“.
ამასთან, „ასი გრუპ ჯორჯია“ ვალდებულია შეიმუშაოს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის განაშენიანების დეტალური გეგმა და შესათანხმებლად სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს 2027 წლის 1 იანვრამდე წარუდგინოს.
შეგახსენებთ, რომ საგარეჯოს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნა რამდენჯერმე გადავადდა. უფრო კონკრეტულად, თიზ-ის გახსნა 2023 წლის 1-ელ სექტემბერს იყო დაგეგმილი, მოგვიანებით გახსნა 2024 წლის 1-ელ სექტემბრამდე გადაიდო შემდეგ კი 2026 წლის 1-ელ მარტამდე. როგორც ირკვევა, ვერც ამ თარიღამდე მოხერხდა ობიექტის გახსნა და კიდევ ერთი გადავადება გახდა საჭირო.
სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, „ასი გრუპ ჯორჯია“ 2021 წელს დაფუძნდა. კომპანიის 80%-ს ნიდერლანდებში რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ACE Group International-ი ფლობს, 20%-ს კი საქართველო-იორდანიის ორმაგი მოქალაქე ოსამა ალ შანტი. კომპანიის დირექტორია ეგვიპტის მოქალაქე აჰმედ დიააელდინ აბდელმოათი ელგჰონემი.

