პარლამენტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა ინიციატივას, რომლის ამოქმედების შემდეგ, სამეწარმეო მიზნით ვენახების გაშენებას თანხმობა დასჭირდება
პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტმა მეორე მოსმენით – მუხლობრივად განიხილა და მხარი დაუჭირა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის ამოქმედების შედეგად სამეწარმეო მიზნით ვენახების გაშენებას ღვინის ეროვნული სააგენტოს თანხმობა დასჭირდება.
განხილვისას სამეწარმეო ვენახის გაშენების წესის განსაზღვრასთან და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მიერ შესაბამისი ბრძანების გამოცემასთან დაკავშირებული თარიღი შეიცვალა. პროექტის თავდაპირველი ვარიანტით შეთავაზებული იყო 2026 წლის 1-ელი მარტი, როცა მინისტრს სამეწარმეო ვენახის გაშენების წესის შესახებ ბრძანება უნდა გამოეცა. მიღებული გადაწყვეტილებით, აღნიშნული ვადა 2026 წლის 1-ელ მაისამდე გადაიწევს.
საკომიტეტო განხილვისას ხაზგასმით აღინიშნა, რომ „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები არ შეეხება არსებულ ვენახებს და ასევე, ისეთი კატეგორიის ვენახებს, როგორიცაა სამოყვარულო ან ექსპერიმენტალური დანიშნულების ვენახი.
„ყველა მეწარმეს უნდა, რომ იყოს წარმატებული, კონკურენტუნარიანი, ხარისხიანი პროდუქცია ჰქონდეს და მის მიერ წარმოებული პროდუქცია ბაზარზე კარგად გაიყიდოს. სახელმწიფო სწორედ ამ მიმართულებით ზრუნავს, რათა ხელი შეუწყოს იმას, რომ რაღაც შეცდომები არ გაიპაროს – იქნება ეს ნიადაგი, ნერგი, ვირუსები და ასე შემდეგ, რათა მაქსიმალურად თანამედროვე, დღევანდელ მოთხოვნებთან შესაბამისი ვენახები გაშენდეს, მაღალი ხარისხის ყურძენი მივიღოთ და შესაბამისად, მაღალი ხარისხის პროდუქცია ვაწარმოოთ“, – განაცხადა სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარემ გელა სამხარაულმა კომიტეტის სხდომაზე.
„ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონს ემატება ნორმა, რომლითაც განისაზღვრება ვენახის გაშენებაზე თანხმობის ცნება, რაც შემდეგნაირად განიმარტება: საჯარო სამართლის იურიდიული პირის, ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირს აძლევს უფლებას სამეწარმეო ვენახი გააშენოს.
კიდევ ერთი სიახლე არის ის, რომ ტექნოლოგიური პროცესების აღრიცხვისა და სააგენტოსთვის შეტყობინების ვალდებულება წარმოეშვება ღვინის ყველა კომპანიას, მათ შორის ღვინის იმ მწარმოებლებსაც, რომელთა მიერ წარმოებული ღვინის რეალიზაცია წელიწადში ჯამურად 1 500 ლიტრს არ აღემატება.
გარდა ამისა, “ვაზისა და ღვინის შესახებ“ ჯერ კიდევ მოქმედი კანონით, ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის და სპირტიანი სასმლის წარმოებისას დასაშვებია 15%-მდე იმ ყურძნის გამოყენება, რომელიც მოყვანილია მევენახეობის იმავე ზონის სხვა ქვეზონის ან სხვა მიკროზონის ფარგლებში ვაზის იმავე ჯიშისგან ან მევენახეობის შესაბამისი ზონისთვის რეკომენდებული ვაზის იმავე ფერის სხვა ჯიშისგან, თუ ეს არ არის შეზღუდული შესაბამისი დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის/სპირტიანი სასმლის წარმოების სპეციფიკაციით. პარლამენტში განსახილველად წარდგენილი პროექტის მიხედვით, კანონიდან შესაბამისი მუხლები ამოდის.
“ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში ცვლილები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მოამზადა.

