რატომ მცირდება სასტუმროების დატვირთვა კახეთში?
Lopota Spa Resort-ის კომერციული დირექტორის შეფასებით, მათი სასტუმრო კომპლექსის დატვირთულობა ტურიზმისთვის არააქტიურ სეზონზე 5-10%-ით არის შემცირებული.
BMGTV-ის გადაცემაში „ქალების ნარატივში” კახეთში სასტუმრო ბიზნესში არსებულ ვითარების შეფასებისას, მაკა ღლიღვაშვილმა განმარტავს, რომ რეგიონში გამოწვევების უმთავრესი მიზეზი ადგილობრივი ტურიზმის და არასამთავრობო ორგანიზაციების შემცირებული საქმიანობაა. სასტუმროს ხელმძღვანელი იმასაც აღნიშნავს, რომ ზოგადად ზამთრის სეზონი კახეთისთვის არასახარბიელო პერიოდია.
Lopota Spa Resort-ის დატვირთულობის შენარჩუნებას კი მაკა ღლიღვაშვილი ნაწილობრივ საერთაშორისო ტურიზმიდან არსებული მოთხოვნით ხსნის.
„2025 წლის მონაცემებით, ჩვენი მიმართულებით წელი ძალიან კარგად დავხურეთ. განსაკუთრებით წარმატებული მაღალი ტურისტული სეზონი იყო. რაც შეეხება რეგიონში არსებულ გამოწვევებს, პრობლემა ძირითადად ლოკალურ ჯგუფებს უკავშირდება. ბევრ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციას ან აღარ აქვს ფუნქციონირების შესაძლებლობა, ან ფინანსური მხარდაჭერა აღარ არის ისეთ დონეზე, როგორც ადრე. ჩემი აზრით, სწორედ ეს არის ძირითადი მიზეზი, რის გამოც დაბალ სეზონზე ზოგიერთი სასტუმრო ნაკლებად იტვირთება, ზოგი კი საერთოდ დაიხურა.
იმის თქმა, რომ თებერვალში კახეთში ტურისტი არ არის, გარკვეულწილად ალოგიკურია, რადგან ამ პერიოდში ტურისტული ნაკადები, ფაქტობრივად, არასდროს ყოფილა. დაბალ სეზონზე სასტუმროების ძირითადი დატვირთვა ტრენინგებსა და სემინარებზე მოდიოდა, ეს კი ადგილობრივი ბაზრის სეგმენტია და არა საერთაშორისო. „ლოპოტა“ შედარებით ნაკლებად განიცდის ამ დარტყმას, რადგან საერთაშორისო ტურიზმიდან წამოსული მოთხოვნა შემცირებულ ადგილობრივ მოთხოვნას ნაწილობრივ აბალანსებს. ჯამურად, მოთხოვნა დაახლოებით 5-10%-ით არის შემცირებული“, – განაცხადა მაკა ღლიღვაშვილმა.
საერთაშორისო ბაზრების დატვირთვასთან დაკავშირებით იგი აღნიშნავს, რომ ბოლო ორი წელია ისრაელი ლიდერობს, რომელმაც სპარსეთის ყურის ქვეყნები ჩაანაცვლა.
„ჯავშნების დაახლოებით 45–50% კვლავ ადგილობრივ დამსვენებელზე მოდის. საერთაშორისო ბაზრებიდან კი ყველაზე მეტი სტუმარი ისრაელიდან გვყავს, შემდეგ მოდიან სპარსეთის ყურისა და დსთ-ის ქვეყნები“, – აღნიშნა ღლიღვაშვილმა.

