6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების იმპორტის აკრძალვა ელექტრომობილებს არ შეეხება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების იმპორტის აკრძალვა ელექტრომობილებს არ შეეხება.
ამის შესახებ BMG-ის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში განუცხადეს. აღსანიშნავია, რომ “ქართული ოცნება” 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტის აკრძალვას გეგმავს.
კერძოდ, 1 აპრილიდან იკრძალება 6 წელზე მეტი წლოვანების M1 კატეგორიის ავტომობილების იმპორტი, პირველადი და დროებითი რეგისტრაცია. უწყების გამონაკლისები ვრცელდება იმ ავტომობილებზე, რომელთა ტრანსპორტირება დაწყებულია 1 აპრილამდე ან რომელიც უკვე შემოყვანილია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე.
ცნობისთვის, საქართველოში 2025 წლის ბოლოსთვის 1 914 908 ავტომობილია რეგისტრირებული, რაც 2024 წლის მაჩვენებელს 6.9%-ით აღემატება.
საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების დიდი ნაწილი ბენზინზე მომუშავეა. მათი რაოდენობა 796 250-ია. დიზელის საწვავზე მომუშავე ავტომობილების რაოდენობა 373 633-ია; ჰიბრიდი – 188 899; ბენზინი და აირი – 187 016; ელექტრო – 15 581 ავტომობილი; აირი – 2053; დანარჩენი – 351 476 ავტომობილი.

