პარლამენტმა „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი პირველი მოსმენით დაუჭირა
პარლამენტმა „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ კანონი პირველი მოსმენით მიიღო.
XI მოწვევის პარლამენტის გახსნით პლენარულ სხდომაზე 81 დეპუტატმა ცვლილებებს მხარი დაუჭირა, წინააღმდეგი 10 დეპუტატი იყო.
კანონში ინიციირებული ცვლილებების მიხედვით, აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირის დანიშვნა ორზე მეტი ვადით გახდება შესაძლებელი, რისთვისაც „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ კანონიდან მე-10 მუხლის 6 ქვეპუნქტს ამოიღებენ და ის ძალაში გამოქვეყნებისთანავე შევა, რადგან მისი ამოქმედებისათვის დამატებითი პირობები ან ვადები საჭირო არ არის და მნიშვნელოვანია მისი დროული ამოქმედება.
„გახარია საქართველოსთვის“ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიორგი შარაშიძემ 2 თებერვალს კანონპროექტის პირველი საკომიტეტო განხილვისას განაცხადა, რომ მათი პოლიტიკური გუნდი მხარს არ დაუჭერს „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ კანონში ინიციირებულ ცვლილებას.
კანონში ცვლილებების ინიციატორები და ავტორები „ქართული ოცნების“ დეპუტატები შოთა ბერეკაშვილი, ანტონ ობოლაშვილი, ირაკლი მეზურნიშვილი, გიორგი ბარვენაშვილი, თორნიკე ბერეკაშვილი, ლევან მაჭავარიანი არიან.
კანონპროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ საქსტატს აღმასრულებელი დირექტორს, რომელიც იმავდროულად საქსტატის საბჭოს თავმჯდომარეა, 4 წლის ვადით თანამდებობაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს პარლამენტის თანხმობით ნიშნავს.
ხოლო მისი დანიშვნის მოქმედი წესი, რომლის მიხედვითად არ შეიძლება ამ თანამდებობაზე ერთი და იგივე პირის ორზე მეტი ვადით დანიშვნა, კანონპროექტების ავტორების განმარტებით, ზღუდავს გამოცდილი და ეფექტიანი ხელმძღვანელის უწყებაში საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობას, ართულებს მისი საქმიანობის შედეგების გრძელვადიან და სრულფასოვან შეფასებას და არ წარმოადგენს საუკეთესო პრაქტიკას იმ უწყებისთვის, რომელსაც მაღალი პასუხისმგებლობა ეკისრება მონაცემთა ხარისხისა და საერთაშორისო სტანდარტების დაცვის მიმართულებით.
„ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ცვლილება უზრუნველყოფს, რომ აღმასრულებელი დირექტორის ხელახალი დანიშვნა დამოკიდებული იყოს მის პროფესიულ გამოცდილებაზე, მიღწეულ შედეგებსა და ნდობაზე, და არა წინასწარ დადგენილ რაოდენობრივ შეზღუდვაზე. პროექტი მიზნად ისახავს საქსტატის ინსტიტუციური სტაბილურობის გაძლიერებას, პროფესიონალიზმის წახალისებას და ოფიციალური სტატისტიკის სისტემის უწყვეტ განვითარებას“, – წერია განმარტებით ბარათში და აღნიშნულია, რომ კანონპროექტი არ აუქმებს კონტროლის მექანიზმებს, რომლის მიხედვითაც აღმასრულებელი დირექტორის დანიშვნა კვლავ განხორციელდება დამოუკიდებელი საკონკურსო კომისიის, ღია კონკურსის და საქართველოს პარლამენტის თანხმობის საფუძველზე.
ცნობისთვის, საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე გოგიტა თოდრაძეა, რომელიც სტატისტიკის ეროვნულ ცენტრს 2018 წლის მაისიდან ხელმძღვანელობს. ის პრემიერმა ამ თანამდებობაზე მეორედ 2022 წლის მაისში დაამტკიცა და ხელმძღვანელობის 4 წლიანი ვადა 2026 წლის მაისში იწურება.

