ახალი ამბები

შინაურ ბინადარ ცხოველებთან დაკავშირებით ახალი კანონი ამოქმედდება

„შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონი, რომელიც პარლამენტმა 2025 წლის ივლისში მიიღო, 2026 წლიდან ეტაპობრივად ამოქმედდება.

ახალი კანონმდებლობის შესაბამისად, პირველ ეტაპზე, ცხოველის მეპატრონე ვალდებული იქნება:

ცხოველის ავადობის შემთხვევაში, ის გადაიყვანოს ვეტერინარულ დაწესებულებაში;
დაკბენა-დაკაწვრა-დადორბვლის შემთხვევაში, უზრუნველყოს სააგენტოს ინფორმირება და მოახდინოს ცხოველის ვეტერინარული მეთვალყურეობა იზოლირებულად.
საზოგადოებრივი სავრცის დაბინძურების შემთხვევაში, უზრუნველყოს მისი მყისიერი დასუფთავება;
აანაზღაუროს ცხოველის მიერ სხვა პირისათვის მიყენებული ზიანი;
ცხოველის დაღუპვის შემთხვევაში, დაცემული ცხოველის გადაყვანა მოახდინოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
ამასთან, 2026 წლის 1-ლი იანვრიდან ძალაში შედის კანონის მუხლი, რომელიც არასამკურნალო მიზნით ან ფუნქციური დანიშნულების გარეშე ცხოველისთვის ვეტერინარული ოპერაციების ჩატარებას კრძალავს. კერძოდ, აკრძალული იქნება ყურებისა და კუდის კუპირება, ეშვების ექსტრაქცია, კლანჭების ოპერაციული ამოკვეთა, სმენის დაქვეითება და ხმის იოგების გადაჭრა.

ამ კანონით გათვალისწინებული რეგულაციების ნაწილი უკვე 2026 წლის 1-ლი ივლისიდან ამოქმედდება. კერძოდ:

ახალი რეგულაციები შეეხება შინაურ ბინადარი ცხოველების შემგროვებლურობასა და მათი გამრავლების წესების დაცვაზე;
მკაცრად გაკონტროლდება ცხოველის მიტოვების საკითხი და ცხოველების იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის დოკუმენტების მოწესრიგება;
2026 წლის 1-ლი ივლისიდან ანტირაბიული ვაქცინაციისა და სტერილიზაცია – კასტრაციის პირობების დარღვევისთვის განისაზღვრა გამკაცრებული ადმინისტრაციული ჯარიმები;
აღსანიშნავია, რომ ცვლილებები შეეხება ცხოველების მიმკედლებლებსაც. მათ სრულად დაეკისრებათ ვალდებულება უზრუნველყონ მიკედლებული ცხოველების მოვლა-პატრონობის წესის დაცვა.