კახეთის სასტუმრო სექტორში ჭარბი მიწოდებაა – DMO ფაქტობრივად არ ფუნქციონირებს – მაია მურაჩაშვილი
კახეთში სასტუმრო სექტორში ჭარბი მიწოდება და არაეფექტური DMO სერიოზულ პრობლემად რჩებ -. ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემაში “საქმიანი დილა” სასტუმროების მმართველი კომპანიის „სასტუმროების სტრატეგიული მართვის ჯგუფი“ დამფუძნებელმა, მაია მურაჩაშვილმა კახეთის რეგიონში არსებულ მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა, სადაც სასტუმროების ნაწილმა მუშაობა გააჩერა, ნაწილი კი იყიდება.
მისი განმარტებით, არსებული გამოწვევები მრავალმხრივია, თუმცა ერთ-ერთ მთავარ მიზეზად სწორედ ჭარბი მიწოდება სახელდება.
„ძალიან მწვავეა ეს პრობლემა და, როგორც ამ სფეროს წარმომადგენელს, ნამდვილად ძალიან მტკივა ჩემი კოლეგების მდგომარეობა. განსაკუთრებით კახეთში ჭარბი მიწოდებაა, ამასთან კი დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია (DMO) ფაქტობრივად არ ფუნქციონირებს“, – აღნიშნა მან.
მისი თქმით, სხვა რეგიონების მაგალითზე კარგად ჩანს, რამდენად მნიშვნელოვანია აქტიური DMO: “იმერეთის DMO მაღალი აქტიურობით გამოირჩევა – ახორციელებს ახალ პროექტებს, შექმნა აპლიკაციები, მონაწილეობს გამოფენებში და ფესტივალების ორგანიზებაში. ჩემი გამოცდილებით, ისინი რეალურად არიან ჩართულები სასტუმროების პრობლემებში და საჭიროების შემთხვევაში სხვა უწყებებთანაც აქტიურად თანამშრომლობენ. იმერეთი იმ რეგიონებს შორის, სადაც მიმუშავია, ყველაზე ცოცხალი და ქმედითია.
ჩემი პრაქტიკის განმავლობაში, მათ შორის როგორც ტურისტული კომპანიის მფლობელს, არ მსმენია, რომ კახეთის DMO-ს ტურისტული კომპანიებისთვის ინფო-ტური დაეფინანსებინოს ან რაიმე აქტივობა განეხორციელებინოს ახალი ტურისტული ობიექტების გასაცნობად. შედეგად, ინფორმაციას ან ჩვენ თავად ვეძებთ, ან თავად ობიექტები გვეძებენ და პროცესი ხშირად არათანამიმდევრულად მიმდინარეობს”, – განაცხადა მურაჩაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ოფიციალური მონაცემებით, კახეთში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ვებგვერდზე რეგისტრირებულია 7 399 საწოლი, თუმცა რეალური მაჩვენებელი, მისი შეფასებით, უფრო მაღალია, რადგან ყველა ობიექტი რეგისტრირებული არ არის.
“დაახლოებით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ საწოლფონდს კიდევ ერთი მესამედი ემატება. ამ ფონზე, 3 კვარტალის განმავლობაში, კახეთს მხოლოდ 311 ათასი ვიზიტორი ჰყავდა. ეს ნიშნავს, რომ საშუალოდ სასტუმროები მხოლოდ 41 დღეა დატვირთული 9 თვის განმავლობაში, ხოლო რეალური საწოლფონდის გათვალისწინებით, ეს მაჩვენებელი შესაძლოა 30 დღემდე ჩამოვიდეს”, – განმარტა მან.
მაია მურაჩაშვილის თქმით, დანარჩენ პერიოდში სასტუმროებში პრაქტიკულად „სიცარიელეა“, რომლის შევსებაც მხოლოდ ღვინოსა და კულინარიაზე აქცენტით ვერ ხერხდება: „კახეთი, რა თქმა უნდა, ღვინით არის ცნობილი და ეს პრიორიტეტი უნდა დარჩეს, მაგრამ ეს აღარ არის საკმარისი. საჭიროა ბაზრებზე მორგება, ახალი პროდუქტების შექმნა და პოპულარობის გაზრდა”, – თქვა მან.
საუბრის ბოლოს მან ყურადღება სასტუმროების მართვის კულტურაზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ საქართველოში ჯერ კიდევ სუსტად არის განვითარებული მმართველი კომპანიების დაქირავების პრაქტიკა.
„დასავლეთში სასტუმროს არ მართავს მეპატრონე – მფლობელი ქირაობს მართვის კომპანიას. მართვის კომპანია უნდა შეირჩეს გამოცდილებით, პორტფოლიოთი და შედეგებით. მინდა ყველას ვუთხრა, რომ სასტუმროების მართვის კომპანიები ხარჯი ან ზარალი არ არის – ეს არის ინვესტიცია, რომელიც უძრავ ქონებას ბევრად უფრო ძლიერ აქტივად აქცევს“, – აღნიშნა მაია მურაჩაშვილმა.

