ახალი ამბები

ფასების საკითხზე შექმნილი სამთავრობო კომისია მუშაობას აპრილის ბოლომდე დაასრულებს

ფასების შემცირება სამუშაო პროცესის მიმდინარეობის პარალელურად დაიწყება – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა და სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის წევრმა, დავით სონღულაშვილმა განაცხადა, აპრილის ბოლომდე საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება კომისიის საქმიანობის კონკრეტული შედეგები.

„სამთავრობო კომისიის საორგანიზაციო შეხვედრაზე ვიმსჯელეთ გეგმაზე, ასევე პროცესზე, თუ როგორ წარიმართება მუშაობა; დაიგეგმა შეხვედრები ყველა მონაწილე მხარესთან, რათა მოხდეს სამოქმედო გეგმაზე მსჯელობა და იმ შედეგების განსაზღვრა, რომელთა მიღწევაც მნიშვნელოვანია ამ კომისიის მუშაობით“, – აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

ცნობილი ხდება ასევე, რომ სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისია საქმიანობას ასევე მედიკამენტებისა და საწვავის ფასების მიმართულებით წარმართავს. აღნიშნული გადაწყვეტილება კომისიის პირველ სხდომაზე მიიღეს, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. სხდომაზე წევრებმა მომდევნო კვირების სამოქმედო გეგმა განიხილეს, რომელიც ითვალისწინებს შეხვედრებს მწარმოებლებთან, საცალო ვაჭრობის ქსელებისა და სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებთან.

„კომისია შესაბამის საპარლამენტო კომისიასთან კოორდინაციით იმუშავებს და საქმიანობას სავარაუდოდ, აპრილის ბოლომდე დაასრულებს. მუშაობის პროცესში საზოგადოებას ეტაპობრივად მიეწოდება დეტალური ინფორმაცია პროდუქციის რეალურ ღირებულებაზე, ფასის შემადგენელ კომპონენტებსა და შესაძლო არალოგიკურ ფასნამატებზე. კომისიის წევრები ვარაუდობენ, რომ ფასების შემცირება სამუშაო პროცესის მიმდინარეობის პარალელურად, ეტაპობრივად დაიწყება“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.