მზია ამაღლობელის უკანონო პოლიტიკური პატიმრობიდან ერთი წელი გავიდა – საია
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) განცხადებით, ნეტგაზეთისა და “ბათუმელების” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის უკანონო პოლიტიკური პატიმრობიდან ერთი წელი გავიდა.
“დამოუკიდებელი მედიასაშუალებების, “ნეტგაზეთისა” და “ბათუმელების”, დამფუძნებლის საქმეში საია პირველივე დღიდანაა ჩართული და მზიას უფლებებს იცავს, როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო სასამართლოში.
ქართული მართლმსაჯულება აშკარად უგულებელყოფს მზია ამაღლობელის მიმართ პოლიტიკურად მოტივირებულ ბრალდებასა და საქმესთან დაკავშირებულ სხვა დარღვევებს. მზიას საქმეში სხვადასხვა დარღვევაზე სამართლებრივი ბრძოლა გრძელდება საერთაშორისო დონეზე, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. რეალური მართლმსაჯულების აღსრულება მზიას გამარჯვებით უნდა დასრულდეს”, – აცხადებენ საიაში.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა 2025 წლის აგვისტოში მზია ამაღლობელს ორი წლით პატიმრობა მიუსაჯა. განაჩენი ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლომაც. უკვე ერთი წელია ევროკავშირის წევრი ქვეყნები, საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები და ქართული დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლები მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვენ. 2025 წელს მზია ამაღლობელს ევროპარლამენტმა ევროკავშირის უმაღლესი ჯილდო სახაროვის პრემია გადასცა.

