ახალი ამბები

რამდენმა პირმა ისარგებლა დაგროვებითი პენსიით

2025 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებული იყო 1.706 მლნ ადამიანი, – ამის შესახებ საპენსიო ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

ამავე მონაცემებით, 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 26 820-მა პირმა, მათზე პენსიის სახით კი ჯამურად 124 მილიონი ლარი გაიცა.

„დეკემბრის ბოლოსთვის საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 8.2 მილიარდ ლარს, ხოლო დაგენერირებულმა ამონაგებმა 2.2 მილიარდ ლარს გადააჭარბა“, – აღნიშნულია საპენსიო ფონდის განცხადებაში.

ცნობისთვის, საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემა 2019 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდა. საპენსიო ფონდში შენატანების ოდენობა ნაწილდება დამსაქმებელს, დასაქმებულსა და მთავრობას შორის. კერძო საპენსიო სისტემა ვრცელდება ფორმალურ სექტორში დასაქმებული პირების მიმართ შემდეგი პრინციპით – 2%+2%+2%.