ევროკავშირი უსაფრთხო ქვეყნების რეესტრს ქმნის, რომელშიც კანდიდატის სტატუსის მქონე საქართველოც ექცევა – ნეტგაზეთი
ევროკავშირის საბჭომ და პარლამენტმა ევროკავშირის ისტორიაში პირველად „უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნების“ (SCO) ერთიანი სიის შექმნაზე პოლიტიკურ შეთანხმებას მიაღწიეს, რათა თავშესაფრის მოთხოვნების განხილვა დაჩქარდეს. წერს “ნეტგაზეთი”.
გამოცემაში განმარტავენ, რომ ამ სიაში შემავალი ქვეყნების მოქალაქეებს ევროკავშირში თავშესაფრის მიღება გაუჭირდებათ.
“უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნების სიაში შევლენ: ბანგლადეში, კოლუმბია, ეგვიპტე, კოსოვო, ინდოეთი, მაროკო და ტუნისი. მათი მოქალაქეების თავშესაფრის მოთხოვნები დაჩქარებული წესით განიხილება, ხოლო განმცხადებლებს მოუწევთ იმის დამტკიცება, თუ რატომ არ უნდა გავრცელდეს ეს დებულება მათზე. მესამე ქვეყნის უსაფრთხოდ განსაზღვრა ევროკავშირის დონეზე „თავშესაფრის პროცედურის რეგულაციისა“ და დღეს შეთანხმებული ცვლილებების პირობების შესაბამისად მოხდება. ამასთან, მომავალში სია, ევროკავშირის ჩვეულებრივი საკანონმდებლო პროცედურის ფარგლებში, შეიძლება, გაფართოვდეს.
ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნები ასევე ჩაითვლებიან წარმომავლობის უსაფრთხო ქვეყნებად, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც შესაბამისი გარემოებები (მაგალითად, შეიარაღებული კონფლიქტის კონტექსტში არსებული განურჩეველი ძალადობა) სხვაგვარად მიუთითებს. სხვა მიზეზებს შორისაა ევროკავშირის მასშტაბით თავშესაფრის მინიჭების 20%-ზე მაღალი მაჩვენებელი ან ეკონომიკური სანქციები, რომლებიც დაწესებულია ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების შემზღუდველი ქმედებების გამო. ასეთ შემთხვევებში კომისიამ ევროპარლამენტს ინფორმაცია უნდა მიაწოდოს”, – განმარტებულია გამოცემის გავრცელებულ ინფორმაციაში და აღნიშნულია, რომ საქართველოს მოქალაქეების მიერ ევროკავშირში თავშესაფრის მოთხოვნის მაჩვენებელი შემცირებულია. სექტემბერში თავშესაფრის მინიჭების 20%-ზე მაღალი მაჩვენებელი (21%) საქართველოს მხოლოდ ესპანეთში აქვს. 2024 წელს საქართველოს მოქალაქეებისთვის თავშესაფრის მინიჭების საერთო მაჩვენებელი ევროკავშირში 4% იყო.
რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო, როგორც კანდიდატი ქვეყანა, უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნების სიაში ექცევა.
შეთანხმების მიხედვით, კომისია მონიტორინგს გაუწევს სიაში მყოფ და კანდიდატ ქვეყნებში არსებულ ვითარებას და გარემოებების ცვლილების შემთხვევაში მოახდენს რეაგირებას. მას შეეძლება დროებითი გადაწყვეტილების მიღებაც, რომ ესა თუ ის ქვეყანა აღარ არის უსაფრთხო.
ცნობისთვის, საქართველო, რომელსაც ევროკავშირმა უვიზო რეჟიმი მიანიჭა, აქამდეც იყო უსაფრთხო ქვეყნების სიაში ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, თუმცა ეს იყო წევრი სახელმწიფოების ეროვნული სიები და არა ერთიანი ევროპული რეესტრი.

