ახალი ამბები

პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ინიციატივას, რომელიც სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ვადამდე აღდგენას და მართვის უფლების შეჩერებასთან დაკავშირებულ საკითხებს ეხება

პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა „ქართული ოცნების“ დეპუტატების ინიციატივას, რომელიც სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ვადამდე აღდგენას და მართვის უფლების შეჩერებასთან დაკავშირებულ საკითხებს ეხება.

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატანი ცვლილებები, პირველი მოსმენით, 85-ხმით ერთხმად მიიღეს.

პროექტის თანახმად, კოდექსიდან ყველა იმ ნორმის ამოღება ხდება, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენ პირებს შესაძლებლობას აძლევს, სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმეული მართვის უფლება, ვადაზე ადრე აღიდგინოს.

ამასთან, პროექტის გათვალისწინებით, პირებს, რომლებსაც 2025 წლის 10 დეკემბრამდე ჩადენილი აქვთ “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 116-ე და 123-ე მუხლებით განსაზღვრული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ერთჯერადი ღონისძიების სახით სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებისგან გათავისუფლდებიან, თუმცა სახდელდადებულად მაინც მიიჩნევიან.

ადმინისტრაციული სახდელისგან − სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებისგან გასათავისუფლებლად პირს შესაბამისი ორგანოსთვის ან/და თანამდებობის პირისთვის მიმართვა არ მოეთხოვება. სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებისგან გათავისუფლება კი, 2026 წლის 1 თებერვლამდე უნდა აღსრულდეს.

კანონის პროექტის გარდამავალი დებულებით ასევე განისაზღვრება, რომ ის პირი, რომელსაც 2025 წლის 10 დეკემბრამდე ჩადენილი აქვს “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 45-ე, 45/1 ან 115/2 მუხლით განსაზღვრული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ერთჯერადად, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებისგან გათავისუფლდება.

45-ე მუხლი ეხება ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან/და ნარკოტიკული საშუალების, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებას ან/და ნარკოტიკული საშუალების, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარების ფაქტის დასადგენად შემოწმებისთვის თავის არიდებას, 45/1-ე მუხლი – მცენარე კანაფის ან მარიხუანის მცირე ოდენობით უკანონო შეძენას, შენახვას, გადაზიდვას, გადაგზავნას, მოხმარებას ან/და მისი ზემოქმედების ქვეშ ყოფნას, ხოლო 115/2-ე მუხლი – სატრანსპორტო საშუალების მართვისას მძღოლის ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის ფაქტის დასადგენად შემოწმებისთვის თავის არიდებას.

ზემოაღნიშნულ შემთხვევაში, პირი შეჩერებული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების აღდგენის თაობაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიმართავს. ამ შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების აღდგენა დასაშვები იქნება სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების მიერ გაცემული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის (დინამიური-ნარკოლოგიური გამოკვლევის) დასკვნის წარდგენის საფუძველზე, კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ.

გარდა ამისა, განისაზღვრება, რომ იმ პირს, რომელსაც 2025 წლის 10 დეკემბრამდე “საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონის შესაბამისად, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება შეჩერებული აქვს მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულების რაოდენობის ამოწურვის გამო, 2026 წლის 1 იანვრიდან სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება აღუდგება და მართვის მოწმობას 100 ქულა ხელახლა მიენიჭება. მართვის უფლების აღდგენისა და მართვის მოწმობაზე 100 ქულის მინიჭებისთვის პირს არ მოეთხოვება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის უფლებამოსილების მქონე შესაბამისი ორგანოსთვის ან/და თანამდებობის პირისთვის მიმართვა.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის უფლებამოსილების მქონე შესაბამისმა ორგანომ ან/და თანამდებობის პირმა 2026 წლის 1 იანვრისთვის უნდა უზრუნველყოს მართვის უფლების აღდგენა და მართვის მოწმობაზე 100 ქულის მინიჭება.

არსებული სტატისტიკური მონაცემებით, ამჟამად 35 445 მართვის მოწმობაა შეჩერებული.

პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: – არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური და აკაკი ალადაშვილი.