ახალი ამბები

თეთრი ყურძნის შემთხვევაში 17-21% და წითელი ყურძნის შემთხვევაში 17-23% შაქრიანობის ყურძნის ფასი იქნება 1 ლარზე ნაკლები

ლევან მეხუზლა: „2026 წლის რთველის დროს, შემოგვაქვს ყურძნის 3 განსხვავებული ფასი“.

„მეღვინეობის დარგის სტაბილურად განვითარებისთვის, ღვინის ხარისხზე ზრუნვა ვენახიდან უნდა დავიწყოთ. ხარისხიანი ღვინის მისაღებად, საჭიროა ყურძენი მივიდეს საჭირო სიმწიფემდე და ვაზი იყოს ნაკლებად დატვირთული. გასული წლის რთველმა გვიჩვენა, რომ ზოგიერთი მევენახე არ იცავს ამ პირობებს. იმ ფონზე, როდესაც მსოფლიო გლობალურ ბაზარზე იკლო ღვინის მოხმარებამ და ბაზარზე მაღალი კონკურენციაა, 2026 წლის რთველის დროს შემოგვაქვს ყურძნის 3 განსხვავებული ფასი“, – აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლამ.

სააგენტოს თავმჯდომარის განცხადებით, 17%-ზე დაბალი შაქრიანობის ყურძენი გათანაბრდება ჰიბრიდებთან (ვაზისა და ღვინის შესახებ კანონით აკრძალული ვაზის ჯიშები) და ექნება დაბალი ფასი. თეთრი ყურძნის შემთხვევაში 17-21% და წითელი ყურძნის შემთხვევაში 17-23% შაქრიანობის ყურძნის ფასი იქნება 1 ლარზე ნაკლები. ყურძენი საღვინედ შეფასდება – თეთრი ყურძნის შემთხვევაში 21%-ზე და წითელი ყურძნის შემთხვევაში 23%-ზე მეტი შაქრიანობის/კონდიციურობის ყურძენი.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა იმ დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც ასევე მიმართულია ხარისხიანი ღვინის წარმოებისკენ.