ახალი ამბები

სახალხო დამცველი – პრობლემად რჩება შშმ პირთა საჭიროებებზე მორგებული სახელმწიფო სერვისების სიმწირე

“საქართველოში შშმ პირები არაერთი გამოწვევის წინაშე დგანან. წლების მანძილზე პრობლემად რჩება მათ საჭიროებებზე მორგებული სახელმწიფო სერვისების სიმწირე, მომსახურებების გეოგრაფიული დაფარვა და მომლოდინეთა რიგები, მათ შორის, აუტიზმის მქონე ბავშვებისათვის” – ამის შესახებ განცხადებას საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ შშმ პირები მუდმივ წინააღმდეგობებს აწყდებიან სოციალური განვითარების სფეროში, არასაკმარისია მათი სოციალური დაცვის ღონისძიებები, ხოლო სახელმწიფო ზრუნვის სისტემაში მყოფთ ავტონომია შეზღუდული აქვთ.

სახალხო დამცველი პასუხისმგებელ უწყებებს მოუწოდებს, გადადგან ქმედითი ნაბიჯები ქვეყანაში ინკლუზიური საზოგადოების განვითარების ხელშეწყობისთვის:

“განსაკუთრებით აღსანიშნავია ზრდასრულ შშმ პირთათვის განკუთვნილი რეაბილიტაცია/აბილიტაციის პროგრამების ნაკლებობა, რაც უარყოფითად აისახება მათი დამოუკიდებელი ცხოვრების უფლების რეალიზების ხარისხზე. არასაკმარისი პროგრამების გამო ისინი მოკლებულნი არიან შესაძლებლობას სრულფასოვნად ჩაერთონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

შეფერხებულია შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრის ბიოფსიქოსოციალური მოდელზე გადასვლის პროცესი და შეფასება ისევ სამედიცინო მოდელის მიხედვით ხდება, რაც გამორიცხავს ამ პროცესში პირის ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებას.

გამოწვევად რჩება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობა.

შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრებისა და დეინსტიტუციონალიზაციის მიზნით გატარებული ღონისძიებები არასაკმარისია. შშმ პირთა ნაწილი კვლავ დიდი ზომის რეზიდენტულ დაწესებულებებში ცხოვრობს. ხშირია შშმ პირთა ავტონომიაში ჩარევისა და ინსტიტუციური რეჟიმის ჩარჩოებში მოქცევის შემთხვევები, რაც შეუსაბამოა დეინსტიტუციონალიზაციის მიზნებთან.

გაუარესებულია მდგომარეობა შშმ პირთა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის მიმართულებით. სხვა საკითხებთან ერთად, ადგილი აქვს შშმ პირთა/შშმ პირთა უფლებებზე მომუშავე საზოგადოებრივი ორგანიზაციების ნაკლებ ჩართულობას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

შშმ პირთა მისაწვდომობა, იქნება ეს გარემოზე, ინფორმაციასა თუ მომსახურებებზე, კვლავ გამოწვევას წარმოადგენს.

განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს ინკლუზიური განათლების უწყვეტობა და შემდგომში დასაქმების უფლების რეალიზაცია, რაც შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების მომზადებისთვის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს.

საქართველოს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს შესაბამის პასუხისმგებელ უწყებებს, გადადგან ქმედითი ნაბიჯები ქვეყანაში ინკლუზიური საზოგადოების განვითარების ხელშეწყობისთვის, ამ პროცესში შშმ პირთა აქტიური მონაწილეობით, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სოციალური პროგრესის მიღწევას საზოგადოების ყველა წევრისთვის”, – ნათქვამია განცხადებაში.

ინკლუზიური განათლების სისტემის განვითარებისა და მხარდაჭერის მნიშვნელობაზე დღეს “ქართული ოცნების” განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემაც ისაუბრა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონფერენციის გახსნისას.

მისი თქმით, სამინისტროში სტრატეგიული და ინკლუზიური განვითარების დეპარტამენტის შექმნა, რომელიც პასუხისმგებლობას იღებს ამ მიმართულებით პოლიტიკის განსაზღვრასა და სტრატეგიული მიზნების დასახვაზე.

“სამინისტროს პრიორიტეტს წარმოადგენს ინკლუზიური განათლების მიმართულებით არსებული პროგრამების განვითარება, ნებისმიერი საჭიროების მქონე მოსწავლის, სტუდენტისა და ახალგაზრდისთვის ისეთი პირობების შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს ხარისხიან სერვისებზე მათ თანაბარ ხელმისაწვდომობას და თითოეული მათგანის ინდივიდუალურ მხარდაჭერას. ამას ადასტურებს სამინისტროში სტრატეგიული და ინკლუზიური განვითარების დეპარტამენტის შექმნა, რომელიც საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან კოორდინირებული მუშაობის შედეგად პასუხისმგებლობას იღებს პოლიტიკის განსაზღვრასა და სტრატეგიული მიზნების დასახვაზე”, – განაცხადა გივი მიქანაძემ.