ახალი ამბები

სიგარეტზე აქციზის განაკვეთის ცვლილებას პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა, პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით, მხარი დაუჭირა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ ცვლილების შეტანას, რომელიც სიგარეტზე აქციზის განაკვეთის ცვლილებას ითვალისწინებს.

კანონპროექტის თანახმად, ადგილობრივი წარმოების 35 მილიონ კოლოფამდე სიგარეტზე ფიქსირებულად 1.3 ლარი აქციზი და 15%-იანი ადვალური აქციზის გადასახადი წესდება.

ამასთანავე, კანონის პროექტი ითვალისწინებს იმპორტირებულ სიგარეტზე აქციზის ფიქსირებული განაკვეთის 1.9 ლარიდან 2.75 ლარამდე ზრდას, ხოლო ადვალური განაკვეთის – 30%-დან 20%-მდე შემცირებას.

ინფორმაციისთვის, აღნიშნული ცვლილება ასევე ეხება 35 მილიონ კოლოფზე მეტ ადგილობრივად წარმოებულ სიგარეტს.

„ცვლილების მთავარი მიზანია ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა და არსებული გაცხადებული აქციზის პოლიტიკის ფარგლებში სიგარეტის იმპორტიორებისთვის სამართლიანი და დაბალანსებული აქციზის განაკვეთის დადგენა ზრდის მიმართულებით და შედეგობრივად დადებითი ფისკალური ეფექტის მიღწევა სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსავლების სახით“, – აღნიშნულია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.