ახალი ამბები

10 თვეში საქართველოს ღვინის და ალკოჰოლური სასმელების ექსპორტით შემოსავალი შეუმცირდა

წელს, 10 თვის განმავლობაში საქართველოს ღვინის და ალკოჰოლური სასმელების ექსპორტით მიღებული შემოსავლები შეუმცირდა, რაც ძირითადად ამ კონკრეტული სასმელების რუსეთში გადაზიდვების შემცირებით არის განპირობებული. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ის პროდუქტებია, რომლებიც ქვეყანაში ადგილობრივად იწარმოება. კლების მიუხედავად, 10 თვის მთლიან ექსპორტში სპირტიან სასმელებს პროდუქტების რეიტინგში 3.9%-ით მესამე ადგილი, ღვინოს კი 3.7%-იანი წილით მეოთხე ადგილი უკავია.

უფრო კონკრეტულად, ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ქართული ღვინის ექსპორტი იანვარ-ოქტომბერში 7.9%-ით 218 მილიონ 255 ათასი დოლარამდე შემცირდა. ამ პერიოდში ქვეყნის საზღვრებს გარეთ 73 602 400 ლიტრი გაიყიდა, რაც 7 825 500 ლიტრით ჩამორჩება გასული წლის მაჩვენებელს.

რუსეთში – ღვინის ძირითად საექსპორტო ქვეყანაში გაყიდვები ამ პერიოდში 13.6%-ით 139 მილიონ 196 ათას დოლარამდე შემცირდა და ამგვარად რუსეთის წილი ჯამურ ექსპორტში 63.7%-ით განისაზღვრა. რაც შეეხება რუსეთში გადაზიდული ღვინოს მოცულობებს, იანვარ-ოქტომბერში გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 9 003 400 ლიტრით ნაკლები – 49 914 300 ლიტრი გავიდა.

უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების ჭრილში, გადაზიდვები შემცირებულია ასევე ყაზახეთსა და აშშ-ში.

ქართული ღვინის TOP-10 საექსპორტო ქვეყანა კი ასეთია:

რუსეთი – $139.2 მლნ, 49 914 300 ლიტრი;
პოლონეთი – $14.2 მლნ, 5 710 630 ლიტრი;
უკრაინა – $11 მლნ, 3 983 380 ლიტრი;
ჩინეთი – $7.8 მლნ, 2 458 870 ლიტრი;
ყაზახეთი – $7.6 მლნ, 2 356 630 ლიტრი;
ბელარუსი – $6.6 მლნ, 2 349 240 ლიტრი;
გერმანია – $4.9 მლნ, 1 048 590 ლიტრი;
აშშ – $4.9 მლნ, 794 607 ლიტრი;
ლატვია – $3.8 მლნ, 988 771 ლიტრი;
ლიეტუვა – $2.2 მლნ, 628 525 ლიტრი;
რაც შეეხება სპირტიან სასმელებს, რომლის ექსპორტიც წელს ღვინისას აღემატება, ამ დასახელების ალკოჰოლური სასმელების გაყიდვები წელს 4.9%-ით 230 მილიონ დოლარამდე შემცირდა. ექსპორტზე ჯამში 33 892 000 ლიტრი სპირტიანი სასმელი გავიდა, რაც წლიურად 7 133 700 ლიტრით შემცირებული მაჩვენებელია. ღვინისგან განსხვავებით სპირტიანი სასმელების გაყიდვები შემცირებულია რუსეთს, სომხეთის, უკრაინის და ბელარუსის მიმართულებით, რამაც ექსპორტის კლება გამოიწვია.

სპირტიანი სასმელების TOP-10 საექსპორტო ქვეყნის რეიტინგი:

რუსეთი – $126.6 მლნ, 19 353 000 ლიტრი;
სომხეთი – $36.1 მლნ, 6 262 470 ლიტრი;
უკრაინა – $15 მლნ, 3 240 540 ლიტრი;
ბელარუსი – $8.8 მლნ, 1 190 640 ლიტრი;
აზერბაიჯანი – $7 მლნ, 192 122 ლიტრი;
სინგაპური – $6.8 მლნ, 58 882 ლიტრი;
საფრანგეთი – $6.1 მლნ, 1 983 540 ლიტრი;
ლატვია – $4.9 მლნ, 414 331 ლიტრი;
ყირგიზეთი – $2.9 მლნ, 123 960 ლიტრი;
ყაზახეთი – $2.5 მლნ, 207 390 ლიტრი.