სამოხელეო დანაშაულში მხილებულ პირებს ქონებრივი დეკლარაციის შევსება 30 წელი მოუწევთ – პარლამენტმა კანონი მიიღო
პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა “კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონში ცვლილებები, რომლის ამოქმედების შემდეგ საჯარო მოხელეები და პოლიტიკური თანამდებობის პირები, რომლებიც სასამართლოს მიერ კორუფციულ დანაშაულში იქნებიან მხილებულნი, ვალდებულნი იქნებიან 30 წლის განმავლობაში ავსებდნენ ქონებრივ დეკლარაციებს და წარუდგენდნენ მათ ანტიკორუფციულ ბიუროს.
საკანონმდებლო ინიციატივას მხარი ერთხმად – 85 დეპუტატმა დაუჭირა. ცვლილების ავტორია მმართველი პარტია “ქართული ოცნება”.
კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, ახალი კანონი ხელს შეუწყობს მართლსაწინააღმდეგოდ მიღებული ქონების გამოვლენას, კორუფციული დანაშაულების პრევენციას და სახელმწიფო ზიანის ანაზღაურების შესაძლებლობას.
ინიციატორების თქმით, ცვლილება კიდევ უფრო გააძლიერებს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას, რადგან უზრუნველყოფს იმ პირთა ქონებრივი მდგომარეობის გრძელვადიან – 30-წლიან – მონიტორინგს, რომლებიც სამსახურეობრივი ან ფინანსური სარგებლის მიღებასთან დაკავშირებულ დანაშაულში აღმოჩნდებიან მხილებულნი.

