კურორტების განვითარების სააგენტო ტურიზმის ადმინისტრაციას შეერწყმება
ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სსიპ კურორტების განვითარების სააგენტო უქმდება – ამას ითვალისწინებს მთავრობის 27 ოქტომბრის დადგენილება, რომლითაც აღნიშნული ორგანიზაცია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის შემადგენლობაში გადაინაცვლებს. ორგანიზაცია დამოუკიდებელი სახით არსებობას 2026 წლის 1 იანვრიდან შეწყვეტს.
აღნიშნული ორგანიზაცია მთავრობამ 2022 წლის 8 ივლისს დააფუძნა და მის მიზანს კურორტების განვითარების პროექტების მომზადება და მათი განხორციელება წარმოადგენდა. უწყების ბიუჯეტი 2025 წელს 6 მილიონ ლარს შეადგენდა.
“საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ წარდგენილი წინადადების საფუძველზე, უზრუნველყოს სსიპ − კურორტების განვითარების სააგენტოსთვის „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით დამტკიცებული ასიგნების ფარგლებში დარჩენილი რესურსის განკარგვის უფლებამოსილების მინიჭება სსიპ − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისთვის.
ამ დადგენილებით გათვალისწინებულ შერწყმასთან დაკავშირებული ღონისძიებები დასრულდეს 2026 წლის 1 იანვრამდე,”- ნათქვამია მთავრობის დადგენილებაში.
კურორტების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის პოსტს ალექსანდრე ონოფრიშვილი იკავებდა, რომლის ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, სააგენტოს უფროსის წლიური ანაზღაურება 90,000 ლარს შეადგენდა.

