ზინობი სილიკაშვილი- საბჭოთა რეპრესიების დროს დახვრეტილი საქართველოს უდიური თემის წინამძღოლი
1938 წლის 16 ოქტომბერს, საბჭოთა რეპრესიების დროს, დახვრიტეს საქართველოს უდიური თემის წინამძღოლი ზინობი სილიკაშვილი. მისი დახვრეტიდან ერთ თვეში უდიურ სოფელ ზინობიანს გადაარქვეს სახელი და მას უწოდეს ოქტომბერი.
ინფორმაციას გვერდი ,,საქართველოს უდიები” ავრცელებს. საბჭოთა რეჟიმი მისი დახვრეტის შესახებ ინფორმაციას წლების განმავლობაში უმალავდა ოჯახს. 1942 წლის 6 აგვისტოს ოჯახს განუცხადეს, რომ ის გარდაიცვალა ფილტვების კრუპოზული ანთების შედეგად.
1956 წლის 21 თებერვლის განჩინებით საქმე შეწყდა დანაშაულის ნიშნების არ არსებობის გამო, 1938 წელს გამოტანილი დახვრეტის გადაწყვეტილება გაუქმდა. ზინობი სილიკაშვილის დახვრეტიდან 18 წლის შემდეგ ოჯახმა მიიღო ცნობა ზინობი სილიკაშვილის რეაბილიტირების შესახებ. 2010 წელს სოფელმა ოფიციალურად დაიბრუნა მისი პირვანდელი სახელი – ზინობიანი, ხოლო 2021 წლის 16 ოქტომბერს სოფლის ცენტრში საზეიმოდ გაიხსნა ზინობი სილიკაშვილის სკულპტურა.

